ალექსანდრე მაისურაძე - ანგარიში სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ მანდატს, საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს
ალექსანდრე მაისურაძე - ანგარიში სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ მანდატს, საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშს ეხმიანება და აცხადებს, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი რეკომენდაციები სცდება მისიის მანდატს.

„ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც  სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ მანდატს, მათ შორის, მოწოდებებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიმართ, იმოქმედონ საქართველოს წინააღმდეგ, რაც ასევე სცდება მისიის უფლებამოსილების ფარგლებს“, – აცხადებს ალექსანდრე მაისურაძე.

ელჩის განცხადებით, ანგარიშში ინფორმაციის შერჩევითი წარმოჩენა და მისი გამოქვეყნების დრო აჩენს კითხვებს დასკვნების ობიექტურობასთან დაკავშირებით.

„ანგარიშში ინფორმაციის შერჩევითი წარმოჩენა და მისი გამოქვეყნების დრო მიუთითებს დასკვნების პოლიტიზების ტენდენციაზე. ამავდროულად, ანგარიშში უგულვებელყოფილია საქართველოს დიდი ხნის მიღწევები დემოკრატიული რეფორმების, პოლიტიკური პლურალიზმის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მიმართულებით, ასევე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი განაცხადების რაოდენობის 85 პროცენტზე მეტით შემცირება, რაც ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა და ინსტიტუციური რეფორმების ეფექტიანობაზე მეტყველებს“, – აღნიშნავს ალექსანდრე მაისურაძე.

ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თქმით, ანგარიშის მომზადების პროცესი შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდა, რამაც წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი ანალიზის შესაძლებლობა შეზღუდა.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამუშაოს შესასრულებლად მისიას უკიდურესად შეზღუდული 14-დღიანი ვადა მიეცა, და რომ ანგარიში ვიზიტიდან მხოლოდ რამდენიმე დღეში მომზადდა, ზემოაღნიშნული ხარვეზები კიდევ უფრო გაღრმავდა, რასაც შედეგად მოჰყვა ვრცელი დოკუმენტაციის არასრული ანალიზი“, – აცხადებს ალექსანდრე მაისურაძე.

ამასთან, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიშში მოცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს და თხოვნით მიმართავს ეუთო-სა და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის ვრცელ პასუხში გაჟღერებული სამართლებრივი არგუმენტები, მიღწევები და დეტალური განმარტებები“.

ელჩის თქმით, საქართველოს მიერ წარდგენილი პასუხი აერთიანებს ოფიციალურ პოზიციებს და ადასტურებს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ეუთო-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

„ეს პასუხი აერთიანებს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ განმარტებებსა და პოზიციებს ფაქტების დამდგენი მისიის ვარაუდებზე. ის ასევე განმარტავს ფაქტობრივ უზუსტობებს, ხაზს უსვამს უგულვებელყოფილ კონტექსტს და ადასტურებს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ეუთო-ს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. ამ მასალების წარდგენით, ქართული მხარის მიზანი იყო, რათა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებსა და დაინტერესებულ საერთაშორისო აქტორებს ჰქონოდათ წვდომა ყოვლისმომცველ ფაქტობრივ მასალაზე, რაც შესაძლებელს გახდიდა ქვეყნის მიერ ადამიანური განზომილების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ობიექტურ, დაბალანსებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასებას“, – აღნიშნავს ალექსანდრე მაისურაძე.

ამასთან, ელჩი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიერ წარდგენილი მასალების გასაანალიზებლად დროის სიმცირეზე და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მავნე მიზნებისთვის გამოყენების მცდელობებზე.

„სამწუხაროა, რომ მონაწილე სახელმწიფოებს არ მიეცათ საკმარისი დრო საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ვრცელი მასალების გასაანალიზებლად მუდმივი საბჭოს სხდომამდე. დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მონიტორინგის ან ფაქტების დადგენის ნებისმიერი პროცესის სანდოობისთვის. სამწუხაროა, რომ სულ უფრო ხშირად ვხედავთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მავნე მიზნებისთვის გამოყენების მცდელობებს, რაც ძირს უთხრის მათ საიმედოობას და ინსტიტუციური ნეიტრალიტეტის მიმართ საზოგადოების ნდობას“, – აცხადებს ალექსანდრე მაისურაძე.

ალექსანდრე მაისურაძემ აღნიშნავს, რომ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებმა არ უნდა დაუშვან ორგანიზაციის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება და უზრუნველყონ ექსპერტული მექანიზმების დამოუკიდებლობა და მანდატის ფარგლებში მოქმედება.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეუთო-ს დაზიანება ამგვარი არასათანადო პრაქტიკის შედეგად ან მისი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხებს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს მუდმივი საბჭოს მიერ. ასეთ მცდარ და მიკერძოებულ ანგარიშზე უარის თქმა აუცილებელი ნაბიჯია საერთაშორისო პროცესების სანდოობის დასაცავად. ექსპერტული მექანიზმების დამოუკიდებლობის, დაბალანსებულობისა და მანდატის ფარგლებში მოქმედების უზრუნველყოფა ყველა მონაწილე სახელმწიფოსა და თავად ორგანიზაციის ინტერესებშია“, – აღნიშნავს ალექსანდრე მაისურაძე.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ეუთო-ს და მის მონაწილე ქვეყნებს, გაითვალისწინონ საქართველოს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები.

„საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ეუთო-ს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და არ გაიზიარონ ფაქტების დამდგენი მისიის მიერ მანდატის დარღვევით წარმოდგენილი სადავო დასკვნები და პოლიტიკურად მოტივირებული რეკომენდაციები“, – აცხადებს ალექსანდრე მაისურაძე.