ალექსანდრე ლორთქიფანიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის როლია, მუდმივად გრძნობდეს და საზოგადოებასაც აგრძნობინოს, რა ეტაპზე ვართ ახლა, რა პრობლემები უნდა გადავლახოთ, რომ არ შევიდეთ კრიზისში
ალექსანდრე ლორთქიფანიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის როლია, მუდმივად გრძნობდეს და საზოგადოებასაც აგრძნობინოს, რა ეტაპზე ვართ ახლა, რა პრობლემები უნდა გადავლახოთ, რომ არ შევიდეთ კრიზისში

საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს როლი, რომ მუდმივად გრძნობდეს და საზოგადოებასაც აგრძნობინოს, რა ეტაპზე ვართ ახლა, რა პრობლემები არსებობს ჩვენს შორის და რა პრობლემები უნდა გადავლახოთ, რომ არ შევიდეთ კრიზისში, რადგან თუ შევალთ კრიზისში, უკვე გვიანი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „წიგნების თაროს“ წამყვანმა, ალექსანდრე ლორთქიფანიძემ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ფუნქცია, რომ საზოგადოების მაჯისცემას გრძნობდეს. გრძნობდეს ნებისმიერ წიაღში როგორ ვითარდება საზოგადოება და რა ქვედა თუ ზედა დინებები არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ უეცრად ისეთი ფაქტების წინაშე, რომლის საქმის კურსშიც არ ვიყავით. ადამიანებს გვახასიათებს ის, რომ მალე ვიღლებით პრობლემებზე საუბრით და გვირჩევნია, მალე დადგეს ის მომენტი, რომ დღის წესრიგში რაიმე სხვა – კულტურა, სპორტი და ასე შემდეგ, დადგეს, მაგრამ ძალიან ცუდია, როცა ამით ვიღლებით საზოგადოებრივ დონეზე, ამ პრობლემებს ვუყრუებთ, თითქოს აღარც არსებობს ეს პრობლემები“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ. 

მან 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ მოხდა აგრესიის გამოხატვა, რომელიც საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა.

„აგრესია, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში და იფეთქა 5 ივლისს, მოჰყვა პირდაპირ პრაიდის თემას, თუმცა ეს აგრესია არ იყო მხოლოდ „ქვიარ“ თემის წინააღმდეგ. ეს აგრესია დაგროვილია დიდი ხნის განმავლობაში და მისი გაღვივება ხდებოდა დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფის მიერ“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მან აქვე აღნიშნა, რომ საინფორმაციო ველი რადიკალურად პოლარიზებულია, რაც იწვევს ისეთ მდგომარეობას, რომ მოსახლეობის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა ინფორმაცია მიეწოდება და სხვადასხვა სიმართლის სჯერა.

„ისეთი მდგომარეობაა, რომ მოსახლეობის ერთ ნაწილს სრულიად სხვა ინფორმაცია მიეწოდება და მეორე ნაწილს სხვა. სხვადასხვა სიმართლე აქვთ. ერთი შეიძლება ისეთი ინფორმაციით აღჭურვონ, რომ სამშობლოს დაცვა, გასვლა და თანამოქალეეების რბევაა, მეორე ნაწილი კი შესაძლოა, აბსოლუტურად განსხვავებული ინფორმაციით აღჭურვონ, რომ მისი ფუნქცია პირველი ნაწილის გასახლებაა.

ჩვენ ვახსენეთ სასულიერო პირი, რომელიც ძალადობრივი მოწოდებით გამოირჩეოდა 5 ივლისს. იგივე პირი, ვიდრე 5 ივლისი დადგებოდა, ალტერნატიულ საინფორმაციო ველში ამბობდა, 5 ივლისს გამოვალთ და მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ და ძვლებში უნდა გადავამტვრიოთო. ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთის რეალობების აღქმა.

ჯგუფები, რომლებსაც ესა თუ ის პოლიტიკური ინტერესი აქვთ, თუ გარკვეული პირადი ინტერესები აქვთ და აქეზებდნენ ამ ძალადობას, თავად არ ჩარეულან ამ ყველაფერში. რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ ზოგიერთი მილიონერია და ბრწყინვალედ, მშვიდად არიან. ამ ხალხს, ვისაც კვებავენ თავისი ინფორმაციით, უშვებენ ფრონტზე, როგორც ერთგვარ საზარბაზნე ხორცს და ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ სამშობლოს იცავენ. მჯერა ზოგიერთი მათგანის გულწრფელობის, რომ ეს ჰგონია სამშობლოსა და ერის დაცვა. ის თავის თავში გულწრფელია, რადგან თვეების, წლების განმავლობაში ესმის, რომ ემუქრება რაღაც ძალა, რომელიც მოდის დასავლეთიდან. ჩვენ ამაზე არ ვრეაგირებთ და ამაზე არ რეაგირებს მათ შორის, სახელმწიფო“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.