ალექსანდრე ლორთქიფანიძე - პროპაგანდა მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანებმა ათასნაირი ჭორი დაიჯერონ და არ დაიჯერონ კორონავირუსის პანდემია, რაც ცალსახად მეცნიერული ფაქტია
ალექსანდრე ლორთქიფანიძე - პროპაგანდა მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანებმა ათასნაირი ჭორი დაიჯერონ და არ დაიჯერონ კორონავირუსის პანდემია, რაც ცალსახად მეცნიერული ფაქტია

პროპაგანდა მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანებმა ათასნაირი ჭორი დაიჯერონ და არ დაიჯერონ კორონავირუსის პანდემია, რაც ცალსახად მეცნიერული ფაქტია, – ამის შესახებ „წიგნების თაროს“ წამყვანმა, მწერალმა, ალექსანდრე ლორთქიფანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ძალიან ჰგავს ორგანიზებულ პროპაგანდას და აგიტაციას, რომელიც საზოგადოების და სახელმწიფოს დასუსტებას ისახავს მიზნად. ჩემთვის ამ ნაწილში ეს არის ყველაზე საგანგაშო, რადგან შეუძლებელია, დაუჯერებლობას და სკეპტიციზმს ასეთი თვითორგანიზების უნარი ჰქონდეს. რაღაცნაირად, არ მჯერა, შიშს ასეთი თვითორგანიზების უნარი ჰქონდეს. ამ ჯგუფებს ვიღაცები ქმნიან; ვიღაცები ყოველდღიურად დროს ხარჯავენ იმაში, რომ დღეში ოცი პოსტი დადონ, რაღაც ნიუსები თარგმნონ, სათაურები შეუცვალონ და ა.შ“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, გარკვეულ ადამიანებს აქვთ ურწმუნობის მომენტი.

ურწმუნობის მომენტი არის. ვიდრე შენთან არ მოვა, გგონია, რომ არ არსებობს, ან სადღაც, შორს არის“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რაშია გამოსავალი, ალექსანდრე ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ გასაძლირებელია რამდენიმე ფრონტი, რადგან ეს ერთმხრივი ბრძოლა არ არის.

„რა თქმა უნდა, პიარის პრობლემა არის ძალიან დიდი. პიარის მიმართულებით ჩვენს სახელმწიფოს ხშირად აქვს ხოლმე პრობლემა და ამ მიმართულებით ჩვენც ჩავრთოთ პროპაგანდის მანქანა, გარკვეულწილად. მეორე არის ის, რომ ბევრნაირი სტიგმაა და ამასაც ფრთხილად უნდა მოვეპყრათ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ამ სტიგმებმა არ მოიკიდოს ფეხი. ფრთხილად უნდა მოვეპყრათ ეკონომიკასაც და ა.შ“, – განაცხადა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ.