კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრის მოადგილესთან სულთან ბინ რაშიდ ალ ხატერთან.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის და ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პერსპექტივებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას და კავშირებს ხსენებულ სფეროებში კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.
ამასთან, კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა კომპანია – Milaha-ს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან, ანდერს ლუნდ კრისტენსენთან. შეხვედრაზე განიხილეს „შავი ზღვის ექსპრესის“ პროექტთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე Milaha-ს მიერ საქართველოში ლოჯისტიკის სფეროში საქმიანობის დაწყების პერსპექტივები. Milaha წარმოადგენს ყველაზე მსხვილ გადამზიდავ და ლოჯისტიკურ კატარულ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან შავ ზღვაზე ახორციელებს „შავი ზღვის ექსპრესის“ პროექტს. ხსენებული პროექტი ითვალისწინებს ფოთის, კონსტანცას (რუმინეთი), ოდესის (უკრაინა), ამბარლის (თურქეთი) და პირეოსის (საბერძნეთი) პორტებს შორის, ასევე ხმელთაშუაზღვის პორტების მიმართულებით, საკონტეინერო გადაზიდვებს.
კატარის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართეს Lulu Group International-ის აღმასრულებელ დირექტორთან, მუჰამედ ალტაფთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოდან ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები არა მხოლოდ კატარში, არამედ ყურის სხვა ქვეყნებშიც.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო Lulu Hypermarket-ის ქსელში ქართული პროდუქციისთვის განკუთვნილი მუდმივმოქმედი სტენდის გახსნაში. 2021 წლის 9 ივნისიდან, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს და Lulu Hypermarket-ის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, Lulu Hypermarket-ის 14 სავაჭრო ობიექტში კატარელ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა ქართული კომპანიების მიერ წარმოებული 50-მდე ნაირსახეობის პროდუქტები შეიძინონ.
Family Food Center-ში ვიზიტისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და Family Food Center-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პ. ფაისალმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს ქართული პროდუქციის კვირეული, რომელიც 30 ნოემბრამდე გაგრძელდება და კატარელ მომხმარებლებს შესთავაზებს სხვადასხვა სახეობის ქართულ პროდუქციას. საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ კატარში საქართველოს საელჩოს აქტიური მუშაობის, ასევე ქართულ და კატარულ კომპანიებთან თანამშრომლობით, საქართველოში წარმოებული პროდუქცია 2021 წელს ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდა კატარში მოქმედ სუპერმარკეტების ექვსი ქსელის სავაჭრო ობიექტებში (Lulu, Monoprix, Spar, Ansar Gallery, Approved Market, Family Food Center).