ალექსანდრე ხვთისიაშვილი - თვითმფრინავები, რომლებითაც იტალიიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან, კარგად არის აღჭურვილი, აქვთ შესაბამისი ეკიპირება და საჭირო ნივთი
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - თვითმფრინავები, რომლებითაც იტალიიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან, კარგად არის აღჭურვილი, აქვთ შესაბამისი ეკიპირება და საჭირო ნივთი

თვითმფრინავები, რომლებითაც იტალიიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან, კარგად არის აღჭურვილი, აქვთ შესაბამისი ეკიპირება, ბორტზე არის ყველა საჭირო ნივთი, რათა ადამიანები უსაფრთხოდ და არსებული პროტოკოლით ჩამოვიყვანოთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

როგორც ხვთისიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს საელჩო არის მუდმივ კონტაქტზე საქართველოს მოქალაქეებთან, აწვდის მათ მუდმივად ინფორმაციას, მიწოდებულია ყველა მგზავრისთვის ინსტრუქცია, სად უნდა გამოცხადდნენ და როგორი ფორმით მოხდება მათი თვითმფრინავებში განთავსება.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმ მოქალაქეების ტრანსპორტებას, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ ბილეთები შეძენილი ან დაჯავშნილი იტალიის მიმართულებაზე, მოახდენს საქართველოს მთავრობა, რადგან პირდაპირი რეისები არ არის.  დღეს ჩვეულებრივი სტანდარტული შეხვედრა გვქონდა ჩემს კოლეგებთან საავიაციო სამსახურებიდან, განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით უახლოესი გეგმები, მათ შორის დავათვალიერეთ თვითმფრინავების მზადების პროცესი. დღეს მოხდება მათი ტრანსპორტირება იტალიიდან საქართველოში. ალბათ ადევნებთ თვალს სხვადასხვა მედიასაშუალებას, არც ერთ ქვეყანას ასეთი მეთოდით თავისი მოქალაქეები არ გამოჰყავს. საქართველო ერთადერთი თუ არა, შემიძლია ვთქვა იმ მცირე ქვეყნების სიაშია, რომლებსაც ასეთი გადაწყვეტილება აქვთ მიღებული“, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსული მოქალაქეები გაივლიან 14-დღიან კარანტინს.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის დირექტორის, ლევან კარანაძის განცხადებით, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად, სამოქალაქო საავიაციო სააგენტო სრულად არის ჩართული ამ რეისების მომზადების პროცესში.

„კოორდინირებულად ვსაქმიანობთ. გუშინ გვქონდა ეკიპაჟებთან შეხვედრა, მოვამზადეთ ისინი დღევანდელი რეისებისთვის. იქნება ორი საჰაერო ხომალდი, რომელიც გაემგზავრება რომის მიმართულებით. ვინც სურვილი გამოთქვა, ყველა მგზავრი დაკმაყოფილდა. საჰაერო ხომალდები სრულად არის აღჭურვილი დამცავი საშუალებებით, პირბადეებით, ხელთათმანებით და სხვა სადეზინფექციო საშუალებებით, ეკიპაჟი არის სრულად მომზადებული. დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის“, – განაცხადა კარანაძემ.