ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორეიდან მაღალი ხარისხის ტესტები მიიღო
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორეიდან მაღალი ხარისხის ტესტები მიიღო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს კორეიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტები მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

მან ტესტების შეძენაში დახმარებისთვის „საქართველოს ბანკს“ მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“ დახმარებისთვის ამ ტესტების შეძენასთან დაკავშირებით. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენც, რომ ეს ტესტები შეგვეძინა და დროული ტრანსპორტირება მოგვეხდინა კორეიდან საქართველოში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული „პისიარ“ (PCR) ტესტი მიიღო. აღნიშნული ტესტები კორეულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით და კორეაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით იქნა შეძენილი და ტრანსპორტირებული.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კორეიდან ჩამოსული ტესტების გადმოტვირთის პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესწრებოდნენ.