ალექსანდრე ხვთისიაშვილი - მთავრობა ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად თვითმფრინავს გააგზავნის
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - მთავრობა ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად თვითმფრინავს გააგზავნის

საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, პრემიერის დავალებით, აქტიურად მუშაობს სამშობლოში ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მათ ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა, რადგან ქაბულში მდგომარეობა იყო დაძაბული და არჩიეს, დარჩენილიყვნენ ბაზაზე.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, პრემიერის დავალებით, აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისთვის. გუშინ დილით დაგვირეკეს და გვთხოვეს, დავხმარებოდით საქართველოში ჩამოყვანაში. 14.00 საათისთვის უკვე გვქონდა უზრუნველყოფილი შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი აეროპორტში მისვლა იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი მათ გარეშე გამოფრინდა. სხვა პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საუბარი. მათი მხრიდან არის დასტური, რომ გამოყვანა მოხერხდება, თუ ისინი აეროპორტში მოხვდებიან. რამდენიმე რეისი კიდევ არის დაგეგმილი. მათ, საწუხაროდ, ვერ მოახერხეს ღამის განმავლობაში აეროპორტში მისვლა, რადგან ქაბულში მდგომარეობა იყო დაძაბული და არჩიეს, დარჩენილიყვნენ ბაზაზე. ახლა ვმუშაობთ უკვე მათი ბაზიდან ქაბულის აეროპორტში გადასაყვანად. თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა მზაობა, რომ დაგვეხმარებიან, მიიყვანენ ჯავშნიანი მანქანებით ქაბულის აეროპორტში. ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და იმედია, უახლოეს მომავალში მათ გადაიყვანენ ქაბულის აეროპორტში, საიდანაც ასევე ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ გადმოყვანას საქართველოში. ამასთან ერთდ, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად. შესაბამისად, ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები, ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები არიან ყოფილი სამხედროები და მუშაობენ კერძო სექტორში. კერძოდ, 17 მოქალაქე  დასაქმებულია კანადურ, ექვსი კი – ამერიკულ კომპანიაში.