ალექსანდრე ხვთისიაშვილი - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში განხილული იყო თანამშრომლობის საკითხები, პანდემიის შედეგების დაძლევის გზები და სატრანსპორტო ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობები
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში განხილული იყო თანამშრომლობის საკითხები, პანდემიის შედეგების დაძლევის გზები და სატრანსპორტო ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მუჰამედ ჯავად ზარიფის სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„როგორც იცით, რეგიონული ტურის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსვლამდე ის სამუშაო ვიზიტით ასევე იმყოფებოდა აზერბაიჯანში, რუსეთში, სომხეთში და საქართველოდან გაემგზავრა თურქეთში. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ, პანდემია, თანმდევი შედეგების დაძლევის გზები. მათ შორის, სატრანსპორტო ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობები“, – აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
მისივე თქმით, აღინიშნა სატრანსპორტო კუთხით არსებული პრობლემები და მათი დროულად მოგვარების აუცილებლობა.
„იცით, რომ ქართველ გადამზიდავებს გარკვეული სირთულეები აქვთ და ირანულ მხარესთან თანამშრომლობის შედეგად, ეს პრობლემები გვარდება. რამდენიმე კომპანიამ უკვე დაგვიდასტურა, რომ მათი სატრანსპორტო საშუალებები დაბრუნდნენ ირანიდან საქართველოში. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე რეგიონში არსებულ ვითარებას.
„ჩვენთვის საინტერესო იყო ირანის ხედვა ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე და ასევე, ირანული მხარისთვის საინტერესო იყო საქართველოს ხედვა საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და რეგიონის სტაბილურობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უპირველესია სამი ქვეყნის: აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, რომ ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის ამ საკითხებზე ურთიერთგაგებას და საქართველო იყოს ადგილი, ერთგვარი პლატფორმა მხარეების სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ამ ვიზიტს წინ უძღოდა გარკვეული სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველო ჩართული იქნებოდა ერთგვარ ფართო სამშვიდობო პლატფორმაში რეგიონის სამი ქვეყნის, პლიუს რუსეთი-თურქეთი-ირანის მონაწილეობით. ამის შესახებ საზოგადოებისთვის, პარტნიორებისთვის და რეგიონის ქვეყნებისთვის ჩვენი პოზიცია ცნობილია – ოკუპანტ ქვეყანასთან ერთად სამშვიდობო პლატფორმაში მონაწილეობა წარმოუდგენელია. ხოლო რაც შეეხება ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას რეგიონში, ჩვენ ამას მივესალმებით და რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარი ურთიერთობა დაფუძნებული იყოს ერთმანეთის პატივისცემასა და ფუნდამენტური პრინციპების, კერძოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული პრინციპების აღიარებაზე“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა, ასევე ტელეფონით ესაუბრა ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს.