ალექსანდრე ხვთისიაშვილი - ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ უახლოეს პერიოდში იგეგმება საევაკუაციო რეისები, ამ რეისებით მოხდება ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ უახლოეს პერიოდში იგეგმება საევაკუაციო რეისები, ამ რეისებით მოხდება ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, ქაბულში ამ დროისთვის საქართველოს 23 მოქალაქე იმყოფება.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქაბულში არის საქართველოს 23 მოქალაქე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრემიერ-მინისტრის აპარატი აქტიურად მუშაობს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისთვის. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების იქ ყოფნასთან დაკავშირებით დღეს დილით მივიღეთ ინფორმაცია, თვითონ დაგვიკავშირდნენ, რომ იქ არიან და მყისიერად დავიწყეთ მუშაობა მათ ჩამოსაყვანად“, – აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მისივე თქმით, ქაბულში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კერძო კონტრაქტორები არიან.

„უახლოეს პერიოდში იგეგმება საევაკუაციო რეისები ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ და ამ რეისებით მოხდება მათი ჩამოყვანა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას, სანამ უცხოელები არ დატოვებენ ქალაქსა და ქვეყანას. ჩვენი ყველა მოქალაქე ჯანმრთელად გრძნობს თავს, არავის არაფერი უჭირს ამ ეტაპზე. რა ვადებში მოხდება მათი დაბრუნება, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია, მალე დავაბრუნებთ“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

დაჯგუფება „თალიბანმა“ დღეს ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა. ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.