ალექსანდრე იაშვილი - ჯგუფში ჩვენი მიზანი წარმატების მიღწევაა, მაგრამ ჯერ მთავარი მარტში გასამართი თამაშებია #1TVSPORT
ალექსანდრე იაშვილი - ჯგუფში ჩვენი მიზანი წარმატების მიღწევაა, მაგრამ ჯერ მთავარი მარტში გასამართი თამაშებია #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშების წილისყრა შეაფასა და განაცხადა, რომ ახლა მთავარი მიზანი მარტში ლუქსემბურგთან პლეი ოფის ნახევარფინალის მოგებაა.

პარიზში გამართული ერთა ლიგის ახალი გათამაშების წილისყრაზე საქართველოს ნაკრები B1 ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩეხეთის, უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებებს ეთამაშება.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთა ლიგის წინა გათამაშების C ლიგაში გამარჯვება და B ლიგაში გადასვლა, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი საზრუნავი, რა თქმა უნდა, მარტის პლეი ოფის თამაშებია.

რაც შეეხება ერთა ლიგის ახალი სეზონის წილისყრას, საინტერესო გუნდებით დაკომპლექტებულ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. ჩვენი მიზანი ყოველთვის წარმატების მიღწევაა. თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ მარტის შეხვედრებზე ვართ კონცენტრირებულნი და B ლიგის თამაშებზე ფიქრს მოგვიანებით დავიწყებთ“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშების ახალი სეზონი 2024 წლის 5 სექტემბერს დაიწყება და 19 ნოემბერს დასრულდება. ტურნირის კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები A ლიგაში გადავლენ, მეორეადგილოსნები კი რანგით მაღალ ლიგაში დაწინაურების შანსს A ლიგის მესამეადგილოსნებთან ორმატჩიან პლეი ოფში მიიღებენ. B ლიგის ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული გუნდები C ლიგაში დაქვეითდებიან.

ერთა ლიგის ახალი სეზონის პლეი ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება, ხოლო ფინალური ტურნირი 2025 წლის ივნისში.