ალექსანდრე იაშვილი - გახდე მოსამართლე არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იცი, უნდა ზრუნავდე განვითარებაზე
გახდე მოსამართლე არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იცი და ამით დასრულდა. პირდაპირ ეთიკური სტანდარტია, რომ უნდა ზრუნავდე განვითარებაზე, – ასე უპასუხა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ალექსანდრე იაშვილმა, საბჭოს არამოსამართლე წევრის მიერ დასმულ კითხვას.
ჯანეზაშვილი დაინტერესდა, შეძლებს თუ არა იაშვილი სამოქალაქო საქმის განხილვას იმ შემთხვევაში, თუ მოხვდება უზენაეს სასამართლოში. იაშვილი დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. კანდიდატის განმარტებით, მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პირადი ცხოვრებისა და დროის ხარჯზე შეეცდება დეტალურად შეისწავლოს ეროვნული პრაქტიკა.
„წარმატების შემთხვევაში, თუ მოხდა ისე, რომ სამოქალაქო საქმე დამეწერა განსახილველად, განვიხილავ ამ საქმეს. სამი წელი და რვა თვეა, რაც მოსამართლე ვარ, კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა ხდება, არა კანონის უბრალოდ ციტირებით და რაღაც კანონის სიტყვა სიტყვით გაგებით, არამედ თითოეული გადაწყვეტილების მიღების დროს ვსწავლობ პრაქტიკას და თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და საერთაშორისო პრაქტიკასაც.
ჩემი პირადი დროის და ცხოვრების ხარჯზე, ალბათ დამჭირდება 2-3 თვე, რომ დავჯდე, ინტენსიურ რეჟიმში სრულად შევისწავლო უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. ეთიკის პრინციპებითაც არის დადგენილი, რომ მოსამართლე უნდა ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე. მოსამართლე გახდე არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იცი და ამით დასრულდა. მე ასე დავძლევდი ამ პრობლემას“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.