ალექსანდრე იაშვილი - ევრო 2023-ზე ჩვენი მიზანი წარმატებით გამოსვლაა
ალექსანდრე იაშვილი - ევრო 2023-ზე ჩვენი მიზანი წარმატებით გამოსვლაა

საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებში რამაზ სვანაძის დანიშვნაზე კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა და ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის გუნდის მზადების შესახებ ილაპარაკა.

სვანაძე საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს სწორედ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოამზადებს, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში ერთობლივად ჩატარდება. ჩემპიონატის ორივე მასპინძელი ნაკრები საქართველო და რუმინეთი უკვე ფლობენ ფინალური ეტაპის საგზურს.

„ასეთი დონის გათამაშება ჩვენ ქვეყანაში პირველად გაიმართება. ევროპის ჩემპიონატამდე საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ 21-წლამდე ნაკრები სრულფასოვნად მოემზადოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ რამაზ სვანაძე არის საუკეთესო კანდიდატურა ამ პოსტზე. მოგეხსენებათ, რომ იგი 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიასთან, უნგრეთთან და ყაზახეთთან სამივე თამაშის მოგება შეძლო. აღნიშნული ნაკრებიდან ძალიან ბევრი ფეხბურთელი დღეს ეროვნული და 21-წლამდე ნაკრებში ასპარეზობს“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნაკრების მზადების შესახებაც ილაპარაკა.

„ამ ნაკრებში სწორედ ის თაობა ითამაშებს, რომელსაც რამაზ სვანაძე კარგად იცნობს. რაც შეეხება მოსამზადებელ პერიოდს, ჩვენ ბევრი ამხანაგური მატჩი გვექნება ძლიერ მეტოქეებთან, იმისთვის, რომ 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის სრულფასოვნად მოემზადოს. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზოთ“, – აცხადებს იაშვილი.