ალექსანდრე იაშვილი - 21-წლამდე ნაკრები ევრო 2023-ისთვის კარგი სპარინგებით უნდა მოემზადოს
საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრები წელს ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება, რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ. ეს ტურნირი საქართველოში პირველად ჩატარდება. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მონაწილეობა, არამედ – წარმატებულად გამოსვლა. ამიტომ არის რამაზ სვანაძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მოგეხსენებათ, მან 19-წლამდელთა ნაკრებში ძალიან კარგად იმუშავა. ევროპის ჩემპიონატზე კარგი გამოსვლისთვის მნიშვნელოვანი იქნება კარგი ამხანაგური მატჩების გამართვა, რადგან ჩვენ როგორც მასპინძელი ქვეყანა საკვალიფიკაციო ეტაპს გამოვტოვებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გუნდი კარგად მოემზადოს და ძლიერ მეტოქეებთან ითამაშოს“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ალექსანდრე იაშვილი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმითაც, დაგეგმილი შეხვედრების გარდა, არაა გამორიცხული, ამხანაგური მატჩი კიდევ ერთ ძლიერ მეტოქესთან გაიმართოს.
„დაგეგმილი მატჩების გარდა, მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასთან, რომ მათ ახალგაზრდულ ნაკრებსაც შევხვდეთ. და რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ ბათუმის ახალ სტადიონზე, რომელიც 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს, ძალიან ძლიერ ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს ვეთამაშებით. ამ მატჩშიც დავინახავთ, რა მდგომარეობაში ვართ და სად არის ამ ეტაპზე ჩვენი გუნდი“.
რამაზ სვანაძის გუნდი 29 მარტს გორში ბელარუსს დაუპირისპირდება, 7 სექტემბერს ევრო 2023-ის თანამასპინძელ რუმინეთს ესტუმრება, 16 ნოემბერს კი, ევრო 2023 წლის ფინალის მასპინძელ ბათუმის ახალ სტადიონზე ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს შეხვდება.
ევროპის 21-წლამდე ნაკრებთა 24-ე ჩემპიონატს საქართველო-რუმინეთი 2023 წლის ზაფხულში უმასპინძლებს. საქართველოსა და რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრებები, როგორც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები საკვალიფიკაციო ეტაპზე არ ითამაშებენ. ორივე ნაკრებმა ფინალური ეტაპის საგზური მასპინძლის სტატუსით უკვე მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორივე ნაკრები მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს გამართავს.