საქართველო ინგლისს ბათუმში შეხვდება - 21-წლამდე ნაკრებს სპარინგები დაუგეგმეს
საქართველო ინგლისს ბათუმში შეხვდება - 21-წლამდე ნაკრებს სპარინგები დაუგეგმეს

ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე, საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრები რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – ინფორმაციას ნაკრების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„რამაზ სვანაძის გუნდის სამი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია. 29 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე ბელარუსს დაუპირისპირდება. 7 სექტემბერს ევრო 2023-ის მასპინძელი ქვეყნების ახალგაზრდული ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრას ითამაშებენ. რუმინეთი საკუთარ მოედანზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მასპინძელი იქნება. 16 ნოემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს შეხვდება“ – ვკითხულობთ გავრცელებულ ცნობაში.

ევროპის 21-წლამდე ნაკრებთა 24-ე ჩემპიონატს საქართველო-რუმინეთი 2023 წლის ზაფხულში უმასპინძლებს. საქართველოსა და რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრებები, როგორც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები საკვალიფიკაციო ეტაპზე არ ითამაშებენ. მათ ფინალური ეტაპის საგზური მასპინძლის სტატუსით უკვე მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორივე ნაკრები მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

დატოვე კომენტარი