ალექსანდრე გოგინავა - საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულ მატებასთან ერთად, კრიტიკული პაციენტების რაოდენობაც იზრდება, პროცენტულად, ახალგაზრდა ასაკში სიკვდილიანობა დაბალია
ალექსანდრე გოგინავა - საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულ მატებასთან ერთად, კრიტიკული პაციენტების რაოდენობაც იზრდება, პროცენტულად, ახალგაზრდა ასაკში სიკვდილიანობა დაბალია

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის რეკორდულ მატებასთან ერთად, მძიმე და კრიტიკული პაციენტების რიცხვიც იზრდება, მათ შორის გარკვეული რაოდენობა ახალგაზრდებისაც არის. მისივე თქმით, პროცენტულად, ახალგაზრდა ასაკში სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია.

„კორონავირუსით სიკვდილიანობა გაახალგაზრდავებული არ არის, უბრალოდ, საქართველოში ახალი შემთხვევების რეკორდული ზრდაა და სამწუხაროდ, იზრდება მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობა, სადაც გარკვეული წილი მეტ-ნაკლებად, ახალგაზრდა ადამიანებსაც უკავიათ. ამიტომ, პროცენტულად რომ ავიღოთ, ახალგაზრდა ასაკში სიკვდილიანობა არის ძალიან დაბალი, თუმცა ერთეული შემთხვევები მაინც გვხვდება“, – განაცხადა გოგინავამ.

ამასთან, როგორც გოგინავამ განმარტა, მსუბუქი კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების რისკები დაბალია. ასევე, გოგინავას თქმით, მსუბუქ პაციენტებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, ექიმთან ხშირი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ და სიმპტომების გამოვლენისთანავე რეაგირება უნდა მოხდეს.

„რაც შეეხება მსუბუქი რანდენად შეიძლება დამძიმდეს და ამის რისკები არსებობს თუ არა. რისკები არსებობს, ოღონდ ძალიან დაბალია, რადგან ხშირად, პაციენტები, რომელთანაც დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ, პირველი ერთი კვირის განმავლობაში ასეთი პაციენტების დამძიმება იშვიათია, მაგრამ ერთეული შემთხვევები აქაც შესაძლებელია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დინამიკაში დაკვირვება იმ მსუბუქი პაციენტებისა, რომლებიც არ არიან სტაციონარში და იმყოფებიან ბინაზე. ხშირ შემთხვევაში, მათ უნდა ჰქონდეთ და აქვთ ონლაინკონტაქტი ექიმთან, თითოეული სიმპტომის განვითარების დროს უნდა შეატყობინონ ექიმს, რათა დროულად მოხდეს რეაგირება“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

გოგინავა ბათუმის ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ზოგადად, უეცარი სიკვდილი არსებობს, რაც შესაძლოა, თუნდაც თრომბოემბოლიებით იყოს გამოწვეული, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ჯერჯერობით კვლევები მიმდინარეობს.

„არის ისეთი შემთხვებებიც, განსაკუთრებით, როდესაც ვითარდება თრომბოემბოლიები, შეიძლება წამებში მოხდეს ადამიანის გარდაცვალება და სამედიცინო დაწესებულებაშიც ვერ მოხერხდეს მისი გადარჩენა. თუმცა კონკრეტულად ამ შემთხვევაში რა მოხდა, ამაზე მიმდინარეობს მოკვლევა. არსებობს უეცარი სიკვდილი, რასაც შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს, როგორც კორონავირუსიან პაციებტებში, ისე ამ დაავადების გარეშე. ამიტომ, ამაზე საუბარი რთულია, დაველოდოთ კვლევებს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ