ალექსანდრე გოგინავა - გამოკვლევები, რომლებიც ჩვენთან ტარდება, ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია, უსიმპტომო პაციენტებს თითქმის არსად იკვლევენ, ხდება რისკჯგუფების კვლევა
ალექსანდრე გოგინავა - გამოკვლევები, რომლებიც ჩვენთან ტარდება, ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია, უსიმპტომო პაციენტებს თითქმის არსად იკვლევენ, ხდება რისკჯგუფების კვლევა

ის გამოკვლევები, რომლებიც ჩვენთან ტარდება, ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია, – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმმა ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანის შეკითხვას, საჭიროა თუ არა მიდგომების შეცვლა და უფრო მასობრივი ტესტირების დაწყება.

„ახლა, ამ ეტაპზე არსებული პროტოკოლებით ტესტირება უტარდება ყველა იმ ადამიანს, ვისაც კლინიკური სურათი აქვს გამოხატული, ანუ აქვს ცხელება, ან კორონავირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები. ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც კარანტინში იმყოფება და ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა დაავადებულთან ან საეჭვო შემთხვევასთან. გამოკვლეულია იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, ვინც შეიძლება, ინფიცირებული იყოს. ამიტომ, მე ვთვლი, რომ ძალიან მცირე ნაწილი შეიძლება, იყოს ისეთი, ვისი გამოკვლევაც ამ პროტოკოლებით ვერ ხერხდება და ეს მცირე რაოდენობით პაციენტი დიდად ვერ შეცვლის ეპიდემიოლოგიურ სურათს“, – განაცხადა გოგინავამ.

მისი თქმით, ეტაპობრივად უნდა მოხდეს პაციენტების დინამიკაზე დაკვირვება.

„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ პაციენტების დინამიკას, თუ როგორ იზრდება. თუ სწრაფი ზრდა იქნება და იმ გამოსაკვლევ და გამოკვლეულ პაციენტებში ახალი შემთხვევების მყარი ზრდა გვექნება, ამ შემთხვევაში შეიძლება, მოხდეს კვლევების უფრო გაფართოება და ვთქვათ, უსიმპტომო პაციენტების გამოკვლევა“, – განაცხადა გოგინავამ.

ექიმმა-ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ უსიმპტომო პაციენტების გამოკვლევას არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს.

„შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ უსიმპტომო პაციენტებს თითქმის არსად იკვლევენ. ყველგან ხდება იმ მიზანჯგუფების, რისკჯგუფებისა და ადამიანების გამოკვლევა, ვისთანაც მაღალი რისკია, რომ დაავადება იყოს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.