ალექსანდრე გეჯაძე - ლექსო ლაშქარავას თავის ტვინში ვერ იქნა ნანახი მასიური სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, გამოეწვია სიკვდილი, თუმცა რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ
ალექსანდრე გეჯაძე - ლექსო ლაშქარავას თავის ტვინში ვერ იქნა ნანახი მასიური სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, გამოეწვია სიკვდილი, თუმცა რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ

ლექსო ლაშქარავას თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, გამოეწვია სიკვდილი, ვერ იქნა ნანახი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„მიცვალებული გამოკვლეულ იქნა ერთობლივად, სამხარაულის საექსპერტო სტრუქტურის ექსპერტთან ერთად ჩემი უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით, კრიმინალისტებთან ერთად, რომლებმაც შესაბამისი მასალა აიღეს. ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმულია ძირითადი სტანდარტული და სავსებით მისაღები შეკითხვები, რაც შემდეგში მდგომარეობს: რა არის უშუალოდ აწ გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზი, რა დაზიანებები ჰქონდა მას, რა არის ამ დაზიანებების ხასიათი, არის თუ არა მიზეზშედეგობრივი კავშირი დაზიანებებსა და დამდგარ შედეგს შორის. ასევე, დგას საკითხი, მიღებული ჰქონდა თუ არა ნარკოტიკული ნივთიერება, სედატიური პრეპარატი, საძილე ნივთიერება, ან სხვა რაიმე ტოქსიკური ნივთიერება, ან რაიმე ნივთიერების ზედოზირებას ხომ არ ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

მისივე თქმით, ექსპერტიზისთვის აიღეს სხვადასხვა მასალა.

„აღებულ იქნა დაქტილოსკოპიურად თითის ანაბეჭდები, ფრჩხილის ნიმუშები ანაწმენდების სახით, დნმ კვლევისთვის მასალა სახისა და ხელების მიდამოდან. აღებულ იქნა სისხლი და შარდი, შინაგანი ორგანოების ნაჭრები ქიმიურ გამოკვლევაზე და ჰისტოპათომორფოლოგიურ გამოკვლევაზე ძირითადი შინაგანი ორგანოების ნაჭრები. რაც შეეხება გვამის გამოკვლევამდე შევისწავლეთ სამედიცინო ბარათი, ანუ „ნიუ ჰოსპიტლის“ ავადმყოფობის ისტორია, კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნითურთ. ამ ისტორიის მონაცემებით, აწ გარდაცვლილს ჰქონდა საკმაოდ რთული და ყურადსაღები ტრავმა მარცხენა თვალბუდის არეში, ძვლოვანი სტრუქტურის შემადგენელი ქვედა კიდის ღრმა ფრაგმენტული მოტეხილობა, ფრაგმენტების შეღწევით ჰაიმორის ღრუში და მიმდებარე ანატომიურ სუბსტანციებში. შესაბამისად, ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციის მერე მკურნალობა უტარდებოდა. ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა მორფინი, მკურნალობის დაწყებიდან ანუ 5-დან. 8 რიცხვში პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე ნევროპათოლოგისა და სხვა სპეციალობების მეთვალყურეობის ქვეშ. დადგენილი ჰქონდა თავის ტვინის შერყევა“, – აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ.

მისი თქმით, ცხედრის გამოკვლევის შედეგად, გარდაცვლილის ქალა-ფუძე მთელი აღმოჩნდა.

„ახლა მოგახსენებთ რა იქნა ნანახი გვამის გამოკვლევის პროცესში. ჩვენთვის ყურადსაღები იყო ქალა-ფუძის მოტეხილობის საკითხი: იყო თუ არა მოტეხილი, რამეთუ ამ შემთხვევაში დაზიანების ხარისხი სულ სხვა ხარისხში ადის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კუთხით. ქალა-ფუძე მთელი აღმოჩნდა და სახეზე გვაქვს დაზიანებები თვალბუდის ძვლოვანი სტრუქტურის სახით, რაც დაფიქსირებულია ავადმყოფობის ისტორიაში. რაც შეეხება თავის ტვინის ნივთიერებას, თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, გამოეწვია სიკვდილი, ვერ იქნა ნანახი. იყო გარკვეული საეჭვო უბნები თავის ტვინის ნივთიერებაში. არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. კატეგორიულად ჯერ ვერ ვამბობ, რამეთუ მას 8 რიცხვში კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლავ აღენიშნებოდა სისხლი, ჰაერი, სადაც ჰქონდა მოტეხილობა. ეს მიუთითებს მასზედ, რომ გაწოვა დროის ამ მცირე მონაკვეთში, რაც საავადმყოფოში იწვა, ვერ მოხდებოდა. აღებულ იქნა კანზე არსებული ორი უბანი, რომელიც მიუთითებდა წინასწარ, არაკატეგორიულ ფორმატში გარკვეულ ინექციის კვალზე. თუმცა, საბოლოოდ, ყველა დანარჩენი მიმართულებით საბოლოო დასკვნების გამოტანა, თუ უშუალოდ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, რამეთუ დაახლოებით თვე-თვენახევარში არსებული დროის სტანდარტების მხედველობაში მიღებით უნდა ჩატარდეს საკმაოდ ბევრი კვლევა. რა კვლევები უნდა ჩატარდეს, უკვე მოგახსენეთ“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

რაც შეეხება ნიმუშების საერთაშორისო ექსპერტიზისთვის გაგზავნას, ალექსანდრე გეჯაძის თქმით, ეს მისი, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტის გადასაწყვეტი არ არის.

„მე არაფერს ვაპირებ. მე ვარ დამოუკიდებელი საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენელი, რომელმაც მონაწილეობა მივიღე გვამის გამოკვლევის პროცესში. აღებული იქნა ეს ბიომასალა და თუ ოჯახს სურვილი ექნება, შესაძლოა, გამოძიებამ საზღვარგარეთ გააგზავნოს. თუ არ ექნება, ადგილობრივი ძალებით ჩატარდება ექსპერტიზა. ის დაზიანება, რომელიც მას ჰქონდა, 8 რიცხვშიც სისხლისა და ჰაერის არსებობა ჰქონდა თვალბუდეში, ფრაგმენტული, იმპრესიული მოტეხილობების ფონზე. ეს არ გამორიცხავს გარკვეული პოსტტრავმული გართულებების არსებობის ფაქტს, მაგრამ ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, რამეთუ შედეგებს უნდა დაველოდოთ. ავადმყოფობის ისტორიის ჩანაწერებით, ყოველდღე უკეთებდნენ მორფის თითო ამპულას, დღეში რამდენჯერმეც. ბოლო მორფის გაკეთების ეპიზოდი დაფიქსირებულია 8 რიცხვის თარიღით და შესაბამისად, ამით ოფიციალურად მას ნარკოტიკული ნივთიერება აღარ გაუკეთებია. ინექციის კვალი ორი მიმართულებით იყო, საზარდულოს მიდამოებში. ამასთან მიმართებით, საბოლოოდ, ეს ინექციის კვალი იყო თუ რა იყო, კვლევა მოგვცემს საბოლოო დასკვნას. თავის რბილი საფარის ქვეშ მას ჰქონდა ლოკალური ხასიათის სისხლჩაქცევები და თვითონ თავის ტვინის ნივთიერებაში დიფუზური სისხლჩაქცევები მას არ აღენიშნებოდა“, – აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ.