ალექსანდრე გაჩეჩილაძე - თებერვალში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და ავიაციის სააგენტო ტაილანდთან ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ
ალექსანდრე გაჩეჩილაძე - თებერვალში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და ავიაციის სააგენტო ტაილანდთან ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ

წინასწარი ინფორმაციით, თებერვალში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და ავიაციის სააგენტო ტაილანდთან ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ, რაც ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულების დადებამდე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებას იურიდიულ საფუძველს შეუქმნის. აპრილიდან კი ტაილანდური ავიაკომპანია „ეარ ეიჟა იქსი“ ბანკოკი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს დაიწყებს, – ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საქართველოს აეროპორტების გასული წლის ტენდენციები და ზოგადად საავიაციო ბაზრის პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს. გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ რუსული ემბარგოს გამო თბილისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა სამი პროცენტით დაიკლო. მიუხედავად ამისა, საქართველოს აეროპორტებმა გასული წელი ჯამურად 3,5-პროცენტიანი ზრდით დახურეს.

„მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საავიაციო ბაზარი დინამიურად ვითარდება და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებისმიერი მაჩვენებელი განუხრელად იზრდება. 2019 წლის მონაცემების დაჯამებით საქართველოს აეროპორტებში 3,5-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ეს ზრდა დაფიქსირდა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყვეტილია. ამ ორ ქვეყანას შორის კვირაში დაახლოებით 152 რეისი ხორციელდებოდა, რამაც ბუნებრივია, ამ მონაცემების ფორმირებაში გარკვეული როლი ითამაშა. თბილისის აეროპორტის ნაკლები მაჩვენებელი სწორედ ამ ფაქტორს უკავშირდება, მაგრამ ზრდა გვაქვს ბათუმის აეროპორტში, 41 პროცენტზე მეტი ზრდა გვაქვს ქუთაისის აეროპორტში, რამაც საბოლოო ჯამში მდგომარეობა დააბალანსა და საქართველოს აეროპორტების საერთო მაჩვენებელი მაინც პლუსში გაიყვანა“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

მისი განმარტებით, ქართული აეროპორტების წარმატება მრავალი ფაქტორით არის განპირობებული.

„პირველ რიგში, ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, იქნება ეს ტურიზმის დეპარტამენტი თუ სხვადასხვა საავიაციო უწყება. აგრეთვე იმით, რომ სულ უფრო იზრდება ინტერესი საქართველოს როგორც ტურისტული პოტენციალის თვალსაზრისით, ისე საავიაციო მიმართულებით. 2019 წელს ცხრა ახალი ავიაკომპანია შემოვიდა, ხუთი მათგანი რეგულარულ ფრენებს ასრულებს, ოთხი – ჩარტერულს. მათ შორის არის ისეთი ავიაკომპანიები, როგორიცაა „ეარფრანსი“, „ეარ მალტა“, „რაინეარი“, „უზბეკეთის ავიახაზები“, „ეარ ეიჟა იქსი“, რომელმაც ტაილანდიდან დაიწყო პირდაპირი ფრენები. მანამდე საქართველო და ტაილანდი პირდაპირი საჰაერო გზით ერთმანეთს არ დაკავშირებიან. ამ ფაქტორების ერთობლიობამ უზრუნველყო ის, რომ რუსული ემბარგოს მიუხედავად, საქართველოს აეროპორტებში ზრდა დაფიქსირდა“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებების დამატების ტენდენცია წელსაც გაგრძელდება და ამ კუთხით სურათი ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დადგომის შემდეგ გამოიკვეთება. თუმცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსის მოადგილის თქმით, მოცემულ მომენტში უკვე შესაძლებელია ღიად ითქვას, რომ საქართველოსა და ტაილანდს შორის რეგულარული ფრენები დაინიშნება და საჰაერო მიმოსვლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.

„შეგვიძლია, უკვე ვთქვათ, რომ ავიაკომპანია „ეარ ეიჟა იქსი“ რომელიც ბანკოკიდან თბილისში ჩარტერულ ფრენებს ასრულებს, ფრენების ინტენსივობას გაზრდის. კომპანიასთან მუდმივ კონტაქტზე ვართ და ჩვენი მონაცემებით აპრილიდან რეგულარულ ფრენებს გეგმავენ, რადგან საქართველოს მიმართულებით საკმაოდ დიდია მოთხოვნა. პირველივე ფრენაზე 330 ტურისტი ჩამოვიდა საქართველოში. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ ტაილანდის საავიაციო ხელისუფლებასთან, რადგან საქართველოსა და ტაილანდს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმებული არ არის. წინასწარი ინფორმაციით, თებერვალში გვექნება შეხვედრა ტაილანდის საავიაციო ხელისუფლებასთან და ვაპირებთ ურთიერთგაგების მემორანდუმი გავაფორმოთ, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებადე ორ ქვეყანას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყებისთვის იურიდიულ საფუძველს შექმნის“, – განუცხადა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ „ბიზნესპარტნიორს“.