ალექსანდრე ელისაშვილი - ნარმანიას დროს შემუშავებულ გენგეგმას „ცეხავიკები“ ებრძვიან
ალექსანდრე ელისაშვილი - ნარმანიას დროს შემუშავებულ გენგეგმას „ცეხავიკები“ ებრძვიან

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, დედაქალაქის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მმართველობიდან დადებითი მხოლოდ თბილისის გენერალური გეგმა დარჩა, რომელიც აქამდე უნდა ამოქმედებულიყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ელისაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ბილტმორში“ განუცხადა, სადაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა იმართება, რომელსაც „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლები და მიწვეული ექსპერტები ესწრებიან.

„ერთადერთი ხეირი ნარმანიას ნაცრისფერ და უღიმღამო მმართველობას რაც დარჩა, ეს არის გენგეგმა, რომელიც ამდენ ხანს რომ ამოქმედებულიყო, ქალაქი ამოისუნთქავდა. რასაც ვხედავ, ამდენი ხანის განმავლობაში, ეს არის „ცეხავიკების“ ბრძოლა გენგეგმის წინააღმდეგ და სამწუხაროდ, ამ „ცეხავიკების“ ბრძოლას სათავეში უდგას  ბატონი კახა კალაძე“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

მისი თქმით, სინამდვილეში, მთავარი მიზანია ქალაქში სამშენებლო ქაოსი გაგრძელდეს.

„აქამდე რასაც ვისმენდი, არ იყო არანაირი არგუმენტი, ეს არის შარის მოდება, რომლის მიზანია აღნიშნული გენგეგმა დაძირონ და ქალაქში გაგრძელდეს ის სამშენებლო ქაოსი და მავნებლობა, რაც აქამდე იყო“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.