ალექსანდრე ძნელაძე - ვალების განულებით საფინანსო სექტორისთვის კარგი რამ ხდება, რადგან ეს თანხები მომავალში შეიძლება, სისტემური პრობლემის ნაწილი გამხდარიყო
ალექსანდრე ძნელაძე - ვალების განულებით საფინანსო სექტორისთვის კარგი რამ ხდება, რადგან ეს თანხები მომავალში შეიძლება, სისტემური პრობლემის ნაწილი გამხდარიყო

ვალების ჩამოწერის ინიციატივას სხვადასხვა ცვლილება უძღოდა წინ, ეს მთლიანი პროცესის ერთ-ერთი კომპონენტია, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა.

„საუბარი არის იმაზე, რომ საფინანსო სექტორი ახდენს საკრედიტო დავალიანებების რეალიზაციას ფონდზე, ანუ მოხდება სესხების გაყიდვა. კონსულტაციები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს. ძირითადი ბანკები უკვე დათანხმდნენ აღნიშნულ პირობებს და ხელიც მოწერილია მემორანდუმზე, მაგრამ პროცესი ისევ მიმდინარეობს. ეს სუფთა კომერციული შინაარსის გარიგებაა. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება საფინანსო სექტორისა და მოქალაქეებისთვისაც რეალურად კარგია, რადგან ამხელა რაოდენობის ადამიანების ვადაგადაცილებული სესხებისგან გათავისუფლება მნიშვნელოვანი იქნება.
ეს მოხდა რეალიზაციის ხარჯზე, პორტფელი გაიყიდა და ბანკის მხრიდან დავალიანების პატიება არ მომხდარა“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

მისი თქმით, დღეს საფინანსო სექტორისთვის კარგი რამ ხდება, რადგან ეს თანხები მომავალში შეიძლება, სისტემური პრობლემის ნაწილიც გამხდარიყო.

„ეს არის ჩვეულებრივი ერთჯერადი ოპერაცია, რომელიც არ უნდა იყოს წამახალისებელი ვადაგადაცილებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ყველა პასუხისმგელობით მოეკიდოს თავის ვალდებულებას, რომ პოტენციური ჭარბვალიანობის იგივე რისკი არ დადგეს ხვალაც. ეს არის ერთჯერადი აქცია და თუ დააკვირდებით, მის განხორციელებას სხვადასხვა ცვლილებები უძღოდა წინ. ეს იყო მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის შეზღუდვა, შემდეგ შემცირება, ფიზიკური პირების სესხების რეგულაცია და შემდგომ დღევანდელი ცვლილება, რომელიც ერთ-ერთი კომპონენტია ამ მთლიანი პროცესის. აქედან გამომდინარე, ეს ვერ იქნება განგრძობითი და მუდმივი, რომ ვიღაც მოვა ყოველ ჯერზე და ხალხის ფინანსურ ვალდებულებას შეიძენს“, – აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, ვალების განულების ინიციატივის ტექნიკური პროცესი ასეთია: „თუ თქვენ 2018 წლის 19 იანვრამდე გიფიქსირდებათ დავალიანება, რომლის ძირი თანხნა შეადგენს 2000 ლარს, ამ შემთხვევაში თქვენი ვალდებულება გადაეცემა ფონდ „ქართუს“ და ის გაპატიებთ ამ დავალიანებას“.

ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, დავალიანებების განულება არ ეხება უძრავი ქონებით, დეპოზიტით და ძვირფასი ლითონებით უზრუნველყოფილ სესხებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.