ალექსანდრე ძნელაძე - სესხების განულების ინიციატივას ბანკების ასოციაციის წევრი ყველა ბანკი შეუერთდა
ალექსანდრე ძნელაძე - სესხების განულების ინიციატივას ბანკების ასოციაციის წევრი ყველა ბანკი შეუერთდა

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ პრობლემური სესხების განულების ინიციატივას ასოციაციის წევრი ყველა ბანკი შეუერთდა.

მისი თქმით, ასოციაციაში 13 ბანკია გაწევრიანებული და მემორანდუმს ყველამ მოაწერა ხელი.

„ორ ბანკს არ ჰქონდა აღნიშნული ვალდებულებები და შესაბამისად აზრი არ ჰქონდა, მიეღოთ მონაწილეობა, უბრალოდ ხელი მოაწერეს მემორანდუმს. პრინციპში, დაცულ ვადებში იქნება მიყიდული ფონდ „ქართუსთვის“ ამ სესხების რაოდენობა“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ძირითადმა ბანკებმა ინიციატივის ბენეფიციართა სიები უკვე დააზუსტეს და ფონდს მიაწოდეს.

„დღეის მდგომარეობით, კვლავ მიმდინარეობს გარკვეული ციფრების დაზუსტება. ძირითადმა ბანკებმა დააზუსტეს უკვე სიები და  „ქართუ“ ფონდს მიაწოდეს. სამწუხაროდ, ერთიანი ციფრი არ მაქვს იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთან არ ხდება ამ ციფრების შეჯერება. დღესაც აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს ფონდ „ქართუსთანაც“ და ეროვნულ ბანკთანაც, რომ რაც შეიძლება, მალე ვიცოდეთ, ჯამურად რა ოდენობის იქნება მთლიანი სექტორის მიერ გაყიდული პორტფელი“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავალიანების განულების ინიციატივის შესახებ 19 ნოემბერს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სესხების განულების პროექტი დაპირებისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება.

დღეს „თიბისი ბანკმა“ მზადყოფნა გამოთქვა, პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას შეუერთდეს.

 

დატოვე კომენტარი