ალექსანდრე ძნელაძე - სესხის იმ პირებზე გაცემა, ვისაც დავალიანება გაუნულდება, მხოლოდ საკრედიტო ისტორიაზე არ იქნება დამოკიდებული  
ალექსანდრე ძნელაძე - სესხის იმ პირებზე გაცემა, ვისაც დავალიანება გაუნულდება, მხოლოდ საკრედიტო ისტორიაზე არ იქნება დამოკიდებული  

მოქალაქეებს, რომლებსაც სესხები განულების ინიციატივის ფარგლებში ჩამოეწერათ, საკრედიტო ისტორია ხუთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ, თუმცა ეს გარემოება არ იქნება ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა, ისარგებლებენ თუ არა სამომავლოდ სესხით, – ამის შესახებ პირველ არხს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვებგვერდზე vali.ge უკვე ატვირთულია ცხრა ბანკის მიერ მიწოდებული, 420 000 მსესხებლის ინფორმაცია, რომლებსაც 31 დეკემბრამდე სხვა საფინანსო ორგანიზაციების ბაზებიც დაემატება.

ძნელაძის განმარტებით, გაიცემა თუ არა პროგრამის ბენეფიციარებზე სამომავლოდ სესხი, ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

„საკრედიტო ბიუროში აღინიშნება ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებს აღარ აქვთ ვალდებულება. ამასთან, პირველი იანვრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, არა მხოლოდ მათ, არამედ სხვებსაც შეიძლება, შეეზღუდოთ გარკვეულ საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის, რა შემოსავალი აქვს პირს და რამდენად გადახდისუნარიანია. პროგრამის ბენეფიციართა საკრედიტო ისტორია შენარჩუნებული იქნება ხუთი წლის განმავლობაში, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, ისარგებლებენ თუ არა სესხით. უამრავი სხვა პარამეტრია და აუცილებელია, აღინიშნოს ახალი პრინციპები, რომელიც 25 მაისიდან შევიდა ძალაში, მეორე ტალღა კი, პირველი იანვრიდან ამოქმედდება“, – განაცხადა ძნელაძემ.

მისი თქმით, ე.წ. შავი სია დღესაც არ ფუნქციონირებს, ეს არის საკრედიტო ისტორია მსესხებლის შესახებ, რომელიც მის ქცევაზე მოიცავს ინფორმაციას.

„რაც მთავარია, პირებს, რომლებსაც სესხები გაუნულდათ, აღარ შეექმნებათ პრობლემები, რომ ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში, ისარგებლონ საბანკო ანგარიშებით, ჰქონდეთ ნებისმიერ ბანკში ბრუნვა, აჩვენონ მათი შემოსავალი სრულად, დაისაკუთრონ ქონება და არ ჰქონდეთ შიში, რომ მათ ქონებას ყადაღა დაედება ან სხვა პრობლემა ექნებათ“, – განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა.

მისი განმარტებით, ყველა მსესხებლის ქცევა ასახულია მის საკრედიტო ისტორიაში.

„საკრედიტო ბიურო არის საერთო ბაზა, სადაც ყველა ბანკი ხედავს ამა თუ იმ მსესხებლის ქცევებს: ჰქონდა თუ არა ვადაგადაცილება, აწვდის თუ არა ბანკს სწორ ინფორმაციას, სწორად აქვს თუ არა მიზნობრიობა შესრულებული, ანუ მისცეს სესხი ერთი მიზნისთვის და გამოიყენა სხვა მიმართულებით, ესეც მოქმედებს საკრედიტო ქცევაზე და ქულაზე. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ ცუდი ისტორიის გამო ვერ მიიღებს სესხს, არასწორია. საკრედიტო ისტორია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი და მნიშვნელოვნად აკლებს საკრედიტო ქულებს შეფასების დროს, თუმცა არა ერთადერთი“, – განაცხადა ძნელაძემ.

ამასთან, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, პროგრამის ყველა ბენეფიციარმა ცალსახად უნდა იცოდეს, რომ 5 წელში ცუდი საკრედიტო ისტორიაც არ ექნება.