ალექსანდრე ძნელაძე - დარწმუნებული ვარ, 40 წლის ასაკს ზემოთ დასაქმებულთა უმეტესობა დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩაერთვება
ალექსანდრე ძნელაძე - დარწმუნებული ვარ, 40 წლის ასაკს ზემოთ დასაქმებულთა უმეტესობა დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩაერთვება

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე დარწმუნებულია, რომ 40 წლის ასაკს ზემოთ მყოფი დასაქმებული მოქალაქეები დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

როგორც მან პირველ არხს განუცხადა, დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოს რეალობისთვის ამბიციურ პროექტს წარმოადგენს.

„გრძელვადიანი რესურსი, რომელიც დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს ორი-ორი პროცენტიანი დანაზოგების აკუმულირებით შეიკრიბება, ქართული კაპიტალისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარების სტიმული გახდება. მიუხედავად 40 წელს გადაცილებული მოქალაქეების ნებაყოფლობითობისა, ჩაერთონ თუ არა საპენსიო სქემაში, დარწმუნებული ვართ, რომ დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი დადებითად გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხს“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფოს მზაობა ამ მხრივ მისასალმებელია.

„სახელმწიფოს მზაობა, გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში დააბანდოს გადასახადებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოქალაქეების ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად მისასალმებელია. დარწმუნებული ვართ, უახლოეს პერიოდში ვიხილავთ არაერთ ინიციატივას, რომელიც თვითდასაქმებულებისა და უმუშევართა საპენსიო სქემების დასაქმებული პირების დაგროვებით პენსიასთან დაახლოებას მოიცავს“, – განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა. დასაქმებულებისთვის, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით შეუსრულდათ 40 წელი, დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა ნაბაყოფლობითია. თუმცა, 2019 წლის პირველ იანვარს სქემაში ისინიც ჩაერთნენ. სისტემის დატოვება მათ 2019 წლის პირველი აპრილიდან 31 მაისამდე პერიოდში შეეძლებათ.