ბათუმში მიმდინარეობს საერთაშორისო სემინარი – „პორტების უსაფრთხოება და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: შავი ზღვიდან ევროკავშირამდე“
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საფრანგეთის ელჩთან, ოლივიე კურტოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დირექტორთან, მიხეილ ჩოკოშვილთან ერთად გახსნა საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით „პორტების უსაფრთხოება და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: შავი ზღვიდან ევროკავშირამდე“.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე დარახველიძემ სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ეფექტიან ზომებზე.
საერთაშორისო სემინარი საქართველოში, საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, 25-26 ნოემბერს, ქ. ბათუმში იმართება და მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფოთა თანამშრომლობის გაძლიერებას.
სემინარში მონაწილეობენ ევროპის 13 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების, საბაჟო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.