ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის – „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ – მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრაში.

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტეფან სირბუმ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კარლო კაციტაძემ და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკა კვარაცხელიამ გახსნეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.

ღონისძიების მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორი უწყებების მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და მომავალი ცხრა თვის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების რიგით და მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირებისათვის სხვადასხვა მიმართულებით გადამზადების არაერთი ტრენინგი და სწავლება ჩატარდა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების როლს. მან ასევე შეაჯამა მნიშვნელოვანი აქტივობები და მიღწეული შედეგები.

შეხვედრის დასასრულს ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

აღნიშნული პროექტი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2021 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანი და ანგარიშვალდებული წესით შესრულების მონიტორინგში, ადამიანის უფლებების სტანდარტების გაძლიერების გზით.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.