ალექსანდრე დარახველიძემ ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკში საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართა
ალექსანდრე დარახველიძემ ანაკლიაში, ახალგაზრდულ ბანაკში საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა და ბანაკში მყოფ ახალგაზრდებთან, „ემეგობრე პოლიციას“ კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შსს-ის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა.

შეხვედრის მიზანს მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

სტუმრებმა 300-მდე ახალგაზრდას ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ძალადობის, ბულინგის, კიბერჰიგიენის, სამართალდამცავ უწყებასთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დანაშაულის პრევენციის შესახებ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ფუნქციონირებს. საბანაკე პროგრამა შვიდდღიანია. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელ, რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.