ალექსანდრე დარახველიძე – ვრცელდება მანიპულაციური ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი გაზრდილია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი გაზრდილია.
დარახველიძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას.
„პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ, ზოგადად, ზაფხულის პერიოდში გაზრდილია მგზავრთა ნაკადები ტურისტული სეზონის გამო. ასევე, მონაცემი, რომელსაც ეყრდნობიან კონკრეტული მედიასაშუალებები, მოიცავს როგორც მგზავრთა საქართველოში შემოსვლის, ასევე გასვლის მაჩვენებელს. უნდა აღინიშნოს, რომ გასვლის მაჩვენებელი აღემატება შემოსვლის მაჩვენებელს. ასევე, აღნიშნული ციფრით ხდება საზოგადოების მანიპულირება, თითქოს ეს არის მთლიანად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საერთო რაოდენობა, რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს. ეს მონაცემი შეიცავს როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საქართველოს მოქალაქეების, სხვა ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის და ასე შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ჯამურ მაჩვენებელს. გვსურს, საზოგადოება დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ აღნიშნული მონაცემები, რომელიც სპეკულაციურად ვრცელდება და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, არ არის დაკავშირებული რაიმე ტიპის საფრთხეებთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს, რათა ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება და ნებისმიერი ისეთი პიროვნება, რომელიც შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, დროულად იქნეს გამოვლენილი და არ მოხდეს მათი დაშვება სახელმწიფო საზღვარზე. ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას, გადაამოწმონ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებთან და არ დაეყრდნონ იმ მონაცემებს, რომლებსაც სპეკულაციურად და მანიპულაციურად ავრცელებს ზოგიერთი მედიასაშუალება“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, შსს-ს ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში (17-24 აგვისტომდე) სასაზღვრო გამშვები პუნქტის, ლარსის გავლით შემოვიდა – 52 953, ხოლო გავიდა 61 691 პირი.