ალექსანდრე დარახველიძე - შიშსა და ძალადობაზე დაფუძნებული მექანიზმი პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ორიენტირებულ სისტემად გარდაიქმნა
ალექსანდრე დარახველიძე - შიშსა და ძალადობაზე დაფუძნებული მექანიზმი პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ორიენტირებულ სისტემად გარდაიქმნა

პენიტენციურ სისტემაში ძირეული რეფორმები 2013 წლიდან დაიწყო და შიშსა და ძალადობაზე დაფუძნებული მექანიზმი პატიმართა რეაბილიტაცია–რესოციალიზაციაზე ორიენტირებულ სისტემად გარდაიქმნა, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მაშინდელი პენიტენციური სისტემის მთავარი გამოწვევა მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა იყო. არ არსებობდა არანაირი სერვისი, რომელიც ასეთ მსჯავრდებულებს დაეხმარებოდა და ამ მიმართულებით არა ერთი ნაბიჯი გადაიდგა. ამის შემდეგ, მთავარი მართვის ახალ მენეჯმენტზე გადასვლა იყო და სამინისტროს აქტიური ძალისხმევით მსაჯვრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის მექანიზმი დაინერგა, რაც საშუალებას გვაძლევს, მსჯავრდებულები სხვადასხვა ტიპის დაწესებულებაში გადავანაწილოთ, არა მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე დაფუძნებით, არამედ მათ ქცევაზე დაკვირვების შედეგად“, – განაცხადა დარახველიძემ.

მისი თქმით, აქტიურად მიდის მუშაობა პატიმართა გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამებზე, რაც საჭიროებაზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.

„გათავისუფლებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დაბალი და საშუალო რისკის პატიმრებს შეუძლიათ, შაბათ კვირას პენიტენციური დაწესებულება ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე დატოვონ და ოჯახის წევრები მოინახულონ. ანუ, მათ ციხის კარს უღებენ, უშვებენ და ამის შემდეგ ის უკან ბრუნდება. ასევე, თუ ისინი სამსახურს მოიძიებენ, სამუშაო გრაფიკის შესაბამისად, საშუალებას ვაძლევთ, პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვონ. სამუშაოს პოვნის შემთხვევაში, პატიმარს დილის 08:00 საათზე ციხის კარს გაუღებენ და 19:00 საათზე უკან ველოდებით. ამ სერვისით სარგებლობის სურვილი ბევრ პატიმარს აქვს და ბევრიც უკვე სარგებლობს“, – განაცხადა დარახველიძემ.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, პენიტენციური დაწესებულებებში ორი საწარმო მოქმედებს. ქალთა დაწესებულებაში მოქმედი სამკერვალო, რომელიც პენიტენციური სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს, პატიმრების თეთრეულით უზრუნველყოფას მთლიანად მოიცავს და პურის საცხობი საწარმო, რომელიც პენიტენციურ სისტემას პურით მთლიანად ამარაგებს.

„სამკერვალო საწარმოს სხვადასხვა ტიპის შეკვეთები აქვს და ქალი მსჯავრდებულები თვის განმავლობაში, როცა შესაბამისი შეკვეთა არსებობს, ხელფასის სახით 700–800 ლარსაც კი იღებენ. ასევე არსებობს ონლაინ მაღაზია, სადაც მსჯავრდებულებს შეუძლიათ, ციხეში წარმოებული ხელნაკეთი პროდუქცია გამოფინონ და ყოველგვარი გადასახადის გარეშე გაყიდონ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.