ალექსანდრე დარახველიძე - შეწყალების კომისიის საკითხზე შეხვედრის მიზანს ბოლო პერიოდში დაგროვილი პრობლემური საკითხების გადაწყვეტა წარმოადგენდა, სხვა შეფასებისგან თავს შევიკავებ
ალექსანდრე დარახველიძე - შეწყალების კომისიის საკითხზე შეხვედრის მიზანს ბოლო პერიოდში დაგროვილი პრობლემური საკითხების გადაწყვეტა წარმოადგენდა, სხვა შეფასებისგან თავს შევიკავებ

შეხვედრის მიზანს ბოლო პერიოდში დაგროვილი პრობლემური საკითხების გადაწყვეტა წარმოადგენდა და სხვა შეფასებისგან თავს შევიკავებ, – განაცხადა სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე დარახველიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

ამ განცხადებით ალექსანდრე დარახველიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა დღევანდელი შეხვედრით სასჯელაღსრულების, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და შეწყალების კომისიის მხრიდან მოხდა თუ არა იმის აღიარება, რომ მათ შორის არასაკმარისი და არასრულყოფილი კომუნიკაცია არსებობდა.

მისი თქმით, სამუშაო პროცესში მექანიზმები უფრო მეტად დაიხვეწება და ნორმატიული აქტის სახეს მიიღებს, რის შესახებაც საზოგადოებას დეტალურად ეცნობება.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რას გულისხმობს მინისტრის განცხადება, რომ აუცილებელია მექანიზმების შექმნა, რომელიც სამომავლოდ 13 აპრილს მომხდარი ტრაგედიის მსგავს შემთხვევებს გამორიცხავს და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ დრომდე შეწყალების კომისია მსჯავრდებულებს საქმის ძირეული შესწავლის გარეშე იწყალებდა, ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესო და აუცილებელი იყო, რაც შემდგომი პროცესის უფრო მეტად გაძლიერებას და ორგანიზებას დაეხმარება, რათა გადაწყვეტილებები უფრო მეტი ინფორმაციის საფუძველზე იქნას მიღებული და ორივე მხრიდან გაურკვეველი მოლოდინები არ იყოს.

„აუცილებელია, უფრო ზედმიწევნით იქნას დარეგულირებული პრაქტიკაში გამოვლენილი გარკვეული ხარვეზები და სირთულეები, იყოს მეტი კომუნიკაცია და ზუსტი მოლოდინები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.