ალექსანდრე დარახველიძე - პირის უფლება, გამოხატოს საკუთარი პოზიცია, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, მაგრამ ეს არ უნდა ლახავდეს სხვა ადამიანის ღირსებას
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, აზრის გამოხატვა დაცულია გამოხატვის თავისუფლებით და რეაგირება ხდება მხოლოდ ისეთ განცხადებებზე, რომლებიც შეიცავს უხამსობებს, ლანძღვა-გინებას.
დარახველიძის თქმით, სხვა ადამიანის ღირსების შელახვა არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და შსს ვალდებულია, ამაზე რეაგირება მოახდინოს.
„ადგილი თუ აქვს აზრის გამოხატვას და ეს არ გადადის ზღვარგადასულ ლანძღვა-გინებაში, ადამიანების გადაკიდებაში, ბუნებრივია, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, რომლებიც სასამართლოში წარვადგინეთ, თითქმის ყველა განცხადება, რომელზეც მოხდა რეაგირება, იყო ლანძღვა-გინება, უხამსობები.
შეიძლება, ადამიანმა კონკრეტული პოლიტიკა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმართულება გააკრიტიკოს, მაგრამ ცალსახა და ერთმნიშვნელოვნად უხამსობაა ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება მიუღებელია. გამოითქვა მოსაზრება, რომ სამმართველო მხოლოდ ერთი კონკრეტულ მხარის სასარგებლოდ მოქმედებს. ნახეთ, რომ დაჯარიმდნენ ადამიანები, რომლებმაც, მაგალითად, კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ გამოიჩინეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება და საჯარო სივრცეში საკუთარი პოზიცია გამოხატეს. გამოხატვის თავისუფლებით დაცულია კონკრეტული პირების უფლება, გამოხატოს საკუთარი პოზიცია, მაგრამ სხვა ადამიანის ღირსებას არ უნდა ლახავდეს. სხვა ადამიანის ღირსებას როგორც კი ლახავ, ეს არის ლანძღვა-გინება და ეს ყველაფერი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა, ამაზე რეაგირება მოვახდინოთ. ჩვენი თანამშრომლები ნამდვილად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მანამდე თუ ხშირი იყო ასეთი შემთხვევები, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს არის ეფექტი“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.