ალექსანდრე დარახველიძე - პარლამენტში საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული კანონპროექტის დარედაქტირებული ვერსია წარვადგინეთ, რომელიც ვფიქრობთ, წლის ბოლომდე დამტკიცდება
ალექსანდრე დარახველიძე - პარლამენტში საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული კანონპროექტის დარედაქტირებული ვერსია წარვადგინეთ, რომელიც ვფიქრობთ, წლის ბოლომდე დამტკიცდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს პარლამენტს კანონპროექტის დარედაქტირებული ვერსია წარუდგინეს.

მისივე თქმით, შემდეგი ეტაპია პლენარულ სხდომაზე განხილვა. დარახველიძე ფიქრობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი წლის ბოლომდე დამტკიცდება და შედეგად, ავტოსაგზაო შემთხვევების მაქსიმალური პრევენცია იქნება შესაძლებელი.

„იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული პროექტი, რომელიც მთავრობის ინიციატივით არის წარმოდგენილი. აღნიშნული ითვალისწინებს ადმინიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას. მოგეხსენებათ, გარკვეული მიმართულებით ჩვენ ვამკაცრებთ სახდელებს, რაც დაკავშირებულია მაგალითად, ე.წ. დრიფტის გამართვასთან, ასევე სიჩქარის გადაჭარბებასთან და სხვა საკითხებთან. აღნიშნულ კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ გარკვეული ტიპის ცვლილება მოხდა. ჩვენ დარედაქტირებული ვერსია წარვადგინეთ. უკვე ველოდებით პლენარულ განხილვებს და ვფიქრობთ, წლის ბოლომდე აღნიშნული კანონპროექტი დამტკიცებული იქნება, რაც მოგვცემს საშუალებას, მაქსიმალურად მოვახდინოთ ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ რჩება გარკვეული პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან, რაც საბოლოო ჯამში, გზებზე დასახიჩრებას და სიკვდილიანობას იწვევს. სწორედ ამ მიმართულების პრევენციის მიზნით არის შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც წარვადგინეთ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით 5 ოქტომბერს დაუჭირა მხარი.