ალექსანდრე დარახველიძე - მიმდინარეობს გამოძიება ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, მოვუწოდებ დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან
ალექსანდრე დარახველიძე - მიმდინარეობს გამოძიება ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, მოვუწოდებ დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან

საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ვიდრე პირი წარმოდგენილი იქნებოდა კანონმდებლობით დადგენილი წესით პოლიციის განყოფილებაში, იგი იყო ძალადობის მსხვერპლი იმ მოქალაქეების და იმ პირების მხრიდან, ვისთანაც ჰქონდა მას დაპირისპირება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს და სწორედ გამოძიებით უნდა დადგინდეს მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ მოუწოდა დაინტერესებულ პირებს, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში არაერთხელ გაკეთდა განცხადება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ვიდრე პირი წარმოდგენილი იქნებოდა კანონმდებლობით დადგენილი წესით პოლიციის განყოფილებაში, იგი იყო ძალადობის მსხვერპლი იმ მოქალაქეების და იმ პირების მხრიდან, ვისთანაც ჰქონდა მას დაპირისპირება. შესაბამისად, ჩვენ დაუყოვნებლივ შევატყობინეთ და მივაწოდეთ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც დაწყებული აქვს გამოძიება. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვეთანამშრომლებით ამ უწყებას, რომ დროულად მოხდეს საკითხის გამოძიება. აქ მთავარი და დასადგენია, რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება, რა იყო მთავარი მიზეზი. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო თითოეულ არასამთავრობო ორგანიზაციას, საკითხით დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან. დაელოდონ გამოძიებას და გამოძიება ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს“,  – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.