ალექსანდრე დარახველიძე - მძიმე პროვოკაცია იგეგმებოდა, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მსგავსი მოვლენების თავიდან ასარიდებლად
ალექსანდრე დარახველიძე - მძიმე პროვოკაცია იგეგმებოდა, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მსგავსი მოვლენების თავიდან ასარიდებლად

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საკმაოდ მძიმე პროვოკაცია და მძიმე მოვლენები იგეგმებოდა, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მტკიცებულებები აქვს მოპოვებული.

დარახველიძის თქმით, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხიმგებელმა უწყებებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი მოვლენების განვითარება.

„არ მაქვს იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ, სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე პროვოკაცია და მძიმე მოვლენები იგეგმებოდა. ამაზე საუბრობს სუს-ი იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც მას საქმის ფარგლებში მოპოვებული აქვს. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო უწყებამ, მათ შორის, იმ უწყებებმა, რომლებიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე არიან პასუხისმგებლები, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი მოვლენების განვითარება. თუ რაიმე დამატებით ინფორმაცია დასჭირდება სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გამოძიების ფარგლებში დადგენილი წესით მივაწოდებთ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.