ალექსანდრე დარახველიძე - გიორგი ქობულიას გათავისუფლების ბრძანება დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად გასწორდა და კონსტიტუციის ნორმებზე დაყრდნობით მომზადდა
ალექსანდრე დარახველიძე - გიორგი ქობულიას გათავისუფლების ბრძანება დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად გასწორდა და კონსტიტუციის ნორმებზე დაყრდნობით მომზადდა

მთავრობის წევრის დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ნორმებს ეფუძნება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, თავდაპირველად, გიორგი ქობულიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ბრძანება მომზადდა მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების წესის შესახებ კანონის შესაბამისად, ხოლო დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ბრძანება გასწორდა და კონსტიტუციის ნორმებზე დაყრდნობით მომზადდა, რაც საქართველო მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„რაც შეეხება საკითხს, სამუშაო დოკუმენტი როგორ მოხვდა კონკრეტული მედიასაშუალების ხელში, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას არ ვფლობ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ჟურნალისტებმა დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დაუსვეს კითხვა, რატომ იყო გუშინ გიორგი ქობულიას გათავისუფლებაზე ორი ბრძანება, ასევე რატომ მოხდა, რომ ბრძანება, რომელშიც სხვა მუხლი იყო მითითებული თავდაპირველად ერთ-ერთი მედიით გავრცელდა, ხოლო მთავრობის ვებგვერდზე მოგვიანებით აიტვირთა მეორე ბრძანება. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ განმარტებას მთავრობის ადმინისტრაცია გააკეთებდა.