ალექსანდრე დარახველიძე - გაფარ ილმაზმა (თემურ ქათამაძე) არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, მისი გაძევება მოხდა იძულების წესით, კანონმდებლობის შესაბამისად
გაფარ ილმაზმა (თემურ ქათამაძე) არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, მისი გაძევება მოხდა იძულების წესით, კანონმდებლობის შესაბამისად, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციამ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია გაფარ ილმაზთან დაკავშირებით.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გაფარ ილმაზის (თემურ ქათამაძე) ქვეყნიდან გაძევების ფაქტთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია. ასევე, დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გაფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად“, – განაცხადა დარახველიძემ.