ალექსანდრე დარახველიძე გაერო-ს პროექტების მომსახურების ოფისის ავსტრიის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა
ალექსანდრე დარახველიძე გაერო-ს პროექტების მომსახურების ოფისის ავსტრიის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა გაერო-ს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ავსტრიის რეგიონული ოფისის დირექტორთან, ფრეია ფონ გროტთან. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი და საქართველოში გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) პროექტის უფროსი მენეჯერი.

„შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს დანაყოფების საქმიანობისა და არსებული საჭიროებების შესახებ. მხარეებმა არსებული თანამშრომლობისა და მიმდინარე პროექტების ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა სამოქალაქო უსაფრთხოება, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია, ოჯახური ძალადობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს უსაფრთხოების სექტორის გაძლიერების კუთხით გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) საქმიანობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.