ალექსანდრე დარახველიძე - ცივი იარაღი დააქვთ ჯიბით, ჩანთებით და არსებობს რისკი, რომ მძიმე დანაშაული მოხდეს, სწორედ ამის პრევენციისთვის მომზადდა ცვლილებები იარაღის ტარებასთან დაკავშირებით ​
ალექსანდრე დარახველიძე - ცივი იარაღი დააქვთ ჯიბით, ჩანთებით და არსებობს რისკი, რომ მძიმე დანაშაული მოხდეს, სწორედ ამის პრევენციისთვის მომზადდა ცვლილებები იარაღის ტარებასთან დაკავშირებით ​

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განაცხადებით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ცივი იარაღის გამოყენების შედეგად დამდგარი მძიმე დანაშაულების რიცხვი საკმაოდ მაღალია.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული ნორმები და პასუხისმგებლობა მკაცრდება.

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო არსებული ვითარების ანალიზი და სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, გაზიარება. ვნახეთ, რომ ცივი იარაღის გამოყენების შედეგად დამდგარი მძიმე დანაშაულების რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო. მკვლელებობების 54 პროცენტი ცივი იარაღით მკვლელობაზე მოდიოდა. შესაბამისად, ვალდებული ვიყავით, კანონმდებლობა გადაგვეხედა. მიმდინარე წლის სტატისტიკა რომ ნახოთ, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია. ხშირ შემთხვევაში, მთელი წლის მაჩვენებელსაც კი უსწრებს. სწორედ ამიტომ, კანონპროექტი მოვამზადეთ, რათა ცივ იარაღთან დაკავშირებით გავამკაცროთ მიდგომები. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ისეთ შემთხვებებს, როგორებიცაა ნადირობა, თევზაობა, საყოფაცხოვრებო საკვების მომზადება. საუბარია, როცა ცივი იარაღი დააქვთ ჯიბით, „ბარსეტკებით“ ატარებენ და არსებობს რისკი, რომ მძიმე დანაშაული მოხდეს. ცვლილებები სწორედ ამ მიმართულების პრევენციისთვის მომზადდა“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული ნორმებისა და პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.