28 ნოემბრიდან მიმდინარე მოვლენებს უნდა შევხედოთ საერთო სურათში, როგორ დაიწყო და განვითარდა მოვლენები. საზოგადოება კარგად ხედავდა, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი და მომზადებული თავდასხმები პოლიციასა და სახელმწიფო უწყებებზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიციამ აღკვეთა მიზანმიმართული, ძალადობრივი ქმედებები.
„შეგიძლიათ, ნახოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი, სადაც ათობით განცხადებაა. ვიდრე პოლიცია დაიწყებდა მოქმედებას, ხდებოდა მოწოდება აქციის თითოეული მონაწილისთვის, რომ მათ პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიან ფარგლებში. აქცია ხდებოდა ძალადობრივი, თავდასხმებს მასობრივი ხასიათი ჰქონდა და ამ თავდასხმების შედეგები საზოგადოებამ ნახა თუნდაც პარლამენტის შენობაზე. 90-იანი წლების და თბილისის ომის შემდეგ პარლამენტს არ მიუღია ისეთი დაზიანება, რაც ნოემბერ-დეკემბერში განხორციელებული თავდასხმების შედეგად, წინა ფასადი ფაქტობრივად განადგურებული იყო და არაერთი სამუშაო ოთახი დაიწვა.
171 პოლიციელია დაშავებული, არაერთი მძიმე დაზიანება მიიღეს ჩვენმა პოლიციელებმა. გარდა ამისა, იავარქმნილი იყო რუსთაველის გამზირი, არცერთი შუქნიშანი, არცერთი გარე ინფრასტრუქტურა არ იყო დარჩენილი, ყველაფერს ბარიკადებად და პოლიციელებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ. ეს იყო მიზანმიმართული, ძალადობრივი ქმედებები, რაც აღკვეთა პოლიციამ და ამ აღკვეთის დროს, რა თქმა უნდა, იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციელები ზარალდებოდნენ, ასევე ზარალდებოდნენ აქციის მონაწილეები, შეიძლება ითქვას, აქციის მოძალადე მონაწილეები. გახსოვთ, როდესაც პოლიცია იღებდა გადაწყვეტილებას აქციის შეწყვეტის თაობაზე, პოლიციის კორდონი ყოველთვის ჩერდებოდა „თბილისი მერიოტის“ წინ, საათების მანძილზე პოლიციის კორდონი იდგა და ამ დამდგარ კორდონზე ხდებოდა თავდასხმები, „მოლოტოვის კოქტეილების“, პიროტექნიკის სროლა და ა.შ.“ – განაცხადა დარახველიძემ.
ამასთან, როგორც დარახველიძემ აღნიშნა, „არავინ უარყოფს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა გადაცდომებს და თითოეულ ფაქტზე, აქციის დაზიანებულ მონაწილეზე გადაგზავნილია შეტყობინებები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
„პირების დაკავება და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა როდესაც ხდებოდა, ჩვენი ექიმები აღწერდნენ დაზიანებებს, მათ შორის, ვინც სურვილი გამოთქვა, ადგილზე ხდებოდა დასურათება. ხდებოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დაუყოვნებლივ ინფორმირება. ეს არის პროცესი, რომელიც გამოძიებაში მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ საერთო კონტექსტი. ეს იყო მასობრივი არეულობა, სადაც ხდებოდა მუდმივად შეტაკებები. ამ პროცესში ძალიან რთულია, გამოკვეთო კონკრეტული პირის ბრალეულობა. თუნდაც ჩვენს შემთხვევაში, 171 პოლიციელია დაშავებული, მხოლოდ შვიდი თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოახერხა პოლიციამ, რადგან ადგილი ჰქონდა მასობრივ არეულობას. აქციის მონაწილეების უმრავლესობა იყვნენ კარგად შენიღბულები სხვადასხვა საშუალებით. ჩვენ როდესაც შევედით სხვადასხვა პარტიისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებში, საზოგადოებამ ნახა, რომ უამრავი ტანსაცმელი ინახებოდა პიროტექნიკასთან, „მოლოტოვის კოქტეილებთან“ ერთად. რაში სჭირდებოდათ მათ ეს ტანსაცმელი? რათა კარგად შენიღბულიყვნენ, მათი იდენტიფიცირება არ მომხდარიყო. შესაბამისად, ეს ძალიან რთული პროცესია, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე მიმდინარეობს გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ეს არის კომპლექსური საკითხი, დეტალურ შესწავლას საჭიროებს, რათა გამოიკვეთოს კონკრეტული პირის ბრალეულობა. იმ რუტინაში და პროცესში ვართ, რაც არის განსაზღვრული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და საქმის გამოძიების ფარგლებში“, – აღნიშნა დარახველიძემ.
მისივე ცნობით, დაშავებული 171 პოლიციელიდან ცხრას დასჭირდა რთული ქირურგიული ჩარევა.
„39 პოლიციელს სხვადასხვა ბლაგვი საგნის სროლის შედეგად მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული, 54 პოლიციელია დამწვარი პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, მათ სერიოზული დაზიანებები აქვთ. ერთმა პოლიციელმა დაკარგა ცალ თვალში მხედველობა, ერთს სმენის სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან ჩაფხუტზე მოხვდა პიროტექნიკა. გვყავს საკმაოდ დაზიანებული პოლიციელები. ეს იყო მასობრივი თავდასხმები პოლიციაზე. ძალადობა, რომელიც ძალიან დიდი ხანია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თუ არ ჩავთვლით თბილისის სამოქალაქო ომის მოვლენებს, არ გვახსოვს. ძალიან მძიმე დღეების გადატანა მოუწია თითოეულ პოლიციელს, თავიდან ავირიდეთ ძალიან მძიმე მოვლებები. საკმაოდ რთული სცენარები, შეიძლებოდა, განვითარებულიყო, რომ არა პოლიციელების შემართება და მოთმინება. ძალიან რთულია, როდესაც ადამიანი კორდონში დგას და მუდმივად თავში ეცემა პიროტექნიკის ნამსხვრევები, ყოველ წამს აფეთქება ხდება. ეს არ არის მარტივი. ისე ხდება წარმოჩენა, თითქოს, რა მოხდა მერე, 171 ადამიანია დაშავებული, ეს არ არის ცოტა. ამ ადამიანებს ცხოვრების ბოლომდე დაღად გაჰყვებათ მძიმე ტრავმები, რაც აქციების მოძალადე წევრებისგან მიიღეს“, – განაცხადა დარახველიძემ.
ამასთან, როგორც დარახველიძემ აღნიშნა, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა.
„ნახეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რაც აღარ მისცემს საშუალებას მათ, ვინც ძალადობისა და დესტრუქციისკენ მოტივირებული არიან, მსგავსი ქმედებები ჩაიდინონ. ხედავთ, რომ 170 დღეა, იკეტება რუსთაველის გამზირი, თუკი ეს ადამიანები მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს, პოლიცია ყველანაირად უწყობს ხელს, გამოხატონ პროტესტი, არ იყენებს იძულების მექანიზმებს. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მათ, მაგრამ კონკრეტული ადამიანები თუ გადაწყვეტენ, რომ ძალადობაში გადაზარდონ პროტესტი, ჩვენ გვექნება მკაცრი რეაგირება“, – აღნიშნა დარახველიძემ.
