ალექსანდრე ბარამიძე - მთავარი პროკურორის შერჩევისას დაცული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული პროცედურა
ალექსანდრე ბარამიძე - მთავარი პროკურორის შერჩევისას დაცული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული პროცედურა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი დაწყებულია და კონსულტაციები გაიმართება იმ სუბიექტებთან, რომლებიც კანონით არის განსაზღვრული.

„საკონსულტაციო პროცესი კანონის თანახმად უნდა დაიწყოს მთავარი პროკურორის უფლებამოსილების შეწყვეტიდან დაუყონებლივ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწვევა გაეგზავნება იმ ორგანიზაციებს, რომლებთანაც, კანონის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა გაიაროს. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ადვოკატთა ასოციაცია, აკადემიური წრეები, უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტები, ინდივიდუალური ექსპერტები“, – აცხადებს ბარამიძე.

მისივე თქმით, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებს კანონი ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს.

„ეს კრიტერიუმებია, რომ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება სისხლის სამართლის სფეროში მოსამართლედ, პროკურორად ან ადვოკატად მუშაობისა, ასევე, უნდა აკმაყოფილებდეს ზნეობრივ კრიტერიუმებს. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატს, მე რა თქმა უნდა, ვერ გავუსწრებ მოვლენებს წინ და იმ საკონსულტაციო პროცესს, რომელსაც განსაზღვრავს კანონი, რასაკვირველია, ხელს ვერ შევუშლი ჩემი მოსაზრებებით. გენდერულ კვოტაზე არის სუბარი. არ შეიძლება სამივე კანდიდატი, რომელიც საბოლოო ჯამში იუსტიციის მინისტრმა უნდა შეარჩიოს, იყოს ერთი და იგივე სქესის წარმომადგენელი. გენდერული ბალანსი უნდა იყოს დაცული. უნდა დაველოდოთ კონსულტაციების პროცესს“, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძე.

რაც შეეხება განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატი თეა წულუკიანმა არ უნდა შეარჩიოს, როგორც ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, მან არ იცის, ვინ რა აზრის არის, მაგრამ ბარამიძის მოსაზრებით, დაცული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული პროცედურა.