ალექსანდრე ბარამიძე - მადლობას ვუცხადებთ მიხეილ სააკაშვილს ამ მხარდაჭერისთვის
ალექსანდრე ბარამიძე - მადლობას ვუცხადებთ მიხეილ სააკაშვილს ამ მხარდაჭერისთვის

მადლობას ვუცხადებთ ბატონ მიხეილ სააკაშვილსაც ამ მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ალექსანდრე ბარამიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„პირველ რიგში, ჩვენ მადლობას ვუცხადებთ ყველას და მათ შორის, პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ჩვენს ღირსეულ კანდიდატს, შალვა შავგულიძეს მხარდაჭერას უცხადებენ. მადლობას ვუცხადებთ ბატონ მიხეილ სააკაშვილსაც ამ მხარდაჭერისთვის. თუმცა, ეს მხარდაჭერა ჩვენ არაფერს არ გვავალდებულებს. ჩვენ გვაქვს საერთო ბლოკი „ევროპულ საქართველოსთან“ და ჩვენ გვაქვს საერთო სტრატეგიული მიზნები მათ შორის, მეორე ტურისთვის; მათ შორის, 2020 წლის საერთო არჩევნებისთვის და მთლიანად მომავალში, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენი სტრატეგიული ალიანსისთვის გვაქვს გარკვეული მიზნები. რაც შეეხება სხვა მხარდამჭერებს, ჩვენ მათ მადლობას ვეუბნებით“, – განაცხადა ბარამიძემ.

ამ განცხადებით ალექსანდრე ბარამიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ ახსნის ის იმ ფაქტს, რომ ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ მხარდაჭერა დღეს, „ნაციონალური მოძრაობისგან“ და კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ხომ არ გამოიწვევს ეს „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ კიდევ უფრო მეტ სკეპტიციზმს იმ მხარდამჭერთა შორის, რომლებსაც მანამდე ისედაც ჰქონდათ სკეპტიციზმი მათი „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად ყოფნის გამო.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები წინა ხელისუფლების დროს ხელისუფლებაში იყვნენ, მაგრამ ისინი თავადაც აღიარებენ, რომ მაშინ, სამართლის სფეროში არასწორი, ზოგჯერ, უკანონო გადაწყვეტილებები მიიღებოდა და მთლიანად სისტემა სამართლის უზენაესობას ვერ იქნა დამორჩილებული.

შეკითხვაზე, საკმარისია თუ არა მხოლოდ აღიარება, ბარამიძემ აღნიშნა, რომ რასაკვირველია, ამის თაობაზე გულწრფელი განცხადებები საკმარისია.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საარჩევნო ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ უფრო გაფართოება, როგორც ეს გიგი უგულავამ განაცხადა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ და იგულისხმებიან თუ არა სავარაუდო პარტნიორებს შორის გიორგი მარგველაშვილი და დავით უსუფაშვილი, ბარამიძემ აღნიშნა, რომ ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ ღიაა ისეთი პოლიტიკური ძალისთვის, ან ცალკეული პოლიტიკოსებისთვის, რომელთა ხედვა საშინაო პოლიტიკის კუთხით, არის სამართლის უზენაესობის დამკვიდრება და ერთპიროვნული მმართველობისა და ავტოკრატული რეჟიმის დემონტაჟი.

„ვინც ჩვენს საშინაო და საგარეო სტრატეგიულ ამოცანებსა და მიზნებს იზიარებს და ეთანხმება, რა თქმა უნდა, მისთვის ჩვენი კარი ღიაა. რასაკვირველია, ამისთანა ადამიანებთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ. კონკრეტული სახელებისგან და გვარებისგან თავს შევიკავებ. მე მოგახსენეთ ის, როგორია ჩვენი ხედვა. კონკრეტულად, რა როგორ გადაწყდება, ამას მომავალი გვაჩვენებს“, – განაცხადა ბარამიძემ.

როგორც ბარამიძემ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც ზუგდიდში არჩევნები დასრულდა, ხელისუფლების ყურადღება მთლიანად მთაწმინდისკენ იქნება მიმართული და შალვა შავგულიძის წინააღმდეგ ბინძური პროპაგანდისტული ომი ახალი ძალით გაჩაღდება, მაგრამ თუ არჩევნებზე ამომრჩეველი მასობრივად მივა, „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს ვერაფერი უშველის და ასეთ შემთხვევაში, შალვა შავგულიძე აუცილებლად გაიმარჯვებს.