ალექსანდრ ვუჩიჩის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თამარ ბაგრატიონმა სერბეთის პირველ ლედის უმასპინძლა
სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სერბეთის პირველ ლედის, თამარა ვუჩიჩს საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ, თამარ ბაგრატიონმა უმასპინძლა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კულტურული პროგრამის ფარგლებში პირველი ლედები კახეთს ეწვივნენ, სადაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს. თამარ ბაგრატიონმა სერბ კოლეგას რეგიონის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა, უნიკალური ეთნოგრაფიული საგანძური და ქართული ხელოვნების ნიმუშები გააცნო.
„ვიზიტის ფარგლებში სერბეთის პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერიც მოინახულა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სულიერ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. აღინიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს ორ მართლმადიდებელ ერს შორის არსებულ კულტურულ და სულიერ კავშირებს“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

