ალექსანდრ ვუჩიჩი - უკრაინა კოსოვოს დამოუკიდებლობას თუ აღიარებს, ერთ დღეში ყველაფერს დაკარგავს
ალექსანდრ ვუჩიჩი - უკრაინა კოსოვოს დამოუკიდებლობას თუ აღიარებს, ერთ დღეში ყველაფერს დაკარგავს

უკრაინა კოსოვოს დამოუკიდებლობას თუ აღიარებს, ერთ დღეში ყველაფერს დაკარგავს. სერბული მედიის ცნობით, ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სერბეთის ლიდერმა ისაუბრა ათობით დასავლელი პარლამენტარის მიერ ხელმოწერილ წერილზე, რომელშიც კანონმდებლები გამოდიან მოწოდებით, სერბეთზე ზემოქმედება გაძლიერდეს.

წერილის ინიციატორი ბრიტანელი დეპუტატი ალისია კერნსია. მიმართვის ხელმომწერებს შორისაა უმაღლესი რადას საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ მერეჟკო.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, მან წაიკითხა 56 დასავლელი პარლამენტარის წერილი და ამაყობს იმით, რომ მას კოსოვოს დამოუკიდებლობის არაღიარებასა და სერბთა რესპუბლიკასა და მონტენეგროში სერბი ხალხის ინტერესების დაცვაში ადანაშაულებენ.

ვუჩიჩის თქმით, წერილი კონფლიქტის პროვოცირებისკენ არის მიმართული.

„უკრაინას რაც შეეხება, ეს ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ვფიქრობ, ზელენსკი მერეჟკოზე ბევრად ბრძენი და ჭკვიანია, რადგან, წარმოიდგინეთ, უკრაინამ კოსოვოს დამოუკიდებლობა რომ აღიაროს, ერთ დღეში ყველაფერს დაკარგავს“, – განაცხადა ვუჩიჩმა.