ალექსანდრ ვუჩიჩი - პრიშტინას ხელისუფლების შეიარაღების გაგრძელებით სრულიად ნათელია, რომ თურქეთს არ სურს სტაბილურობა დასავლეთ ბალკანეთში, ოცნებობს ოსმალეთის იმპერიის აღდგენაზე
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თურქეთს კოსოვოსთვის შეიარაღების მიწოდებისთვის საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და დასავლეთ ბალკანეთის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„მე შეძრწუნებული ვარ თურქეთის საქციელით, ასევე გაერო-ს ქარტიისა და უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუციის უხეში დარღვევით, ასევე პრიშტინას ხელისუფლების შეიარაღების გაგრძელებით. სრულიად ნათელია, რომ თურქეთს არ სურს სტაბილურობა დასავლეთ ბალკანეთში და კვლავ ოცნებობს ოსმალეთის იმპერიის აღდგენაზე. სერბეთი პატარა ქვეყანაა, მაგრამ მკაფიოდ გავიგეთ ეს გზავნილი“, – აღნიშნა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ თურქეთისგან ათასობით კამიკაძე-დრონი მიიღო.
თურქეთი კოსოვოს ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. ის პირველ ქვეყნებს შორის იყო, რომლებმაც 2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში სერბეთის ხელისუფლებამ ალბანეთი და ხორვატია რეგიონში „შეიარაღების რბოლის“ გაჩაღებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც კოსოვოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.