ალექსანდრ ვუჩიჩი კოსოვოზე - სერბეთმა უნდა აღიაროს, რომ დამარცხდა, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორია
ალექსანდრ ვუჩიჩი კოსოვოზე - სერბეთმა უნდა აღიაროს, რომ დამარცხდა, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორია

სერბეთმა უნდა მიიღოს, რომ მან კოსოვოზე კონტროლი დაკარგა, – როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვუჩიჩის თქმით, სერბეთმა უნდა მოძებნოს კომპრომისი პრიშტინასთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ დავმარცხდით. ჩვენ დავკარგეთ ტერიტორია. მე გადავწყვიტე, აღარ გავაგრძელოთ სიცრუე და თავის მოტყუება. მე ყველას ვუთხარი: კოსოვოში არ არის სერბეთის ხელისუფლება, გარდა საავადმყოფოებისა და სკოლების. ჩვენ ორი ვარიანტი გვაქვს – შეთანხმების მიღწევით ურთიერთობების ნორმალიზება ან გაყინული კონფლიქტის შენარჩუნება“, – აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.

ამავე დროს, ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ კოსოვოსთან შეთანხმების მიღწევას შესაძლოა წლები დასჭირდეს. გარდა ამისა, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სერბეთში რეფერენდუმის ჩატარება დასჭირდება.

„ჩვენ ვკითხავთ ხალხს, გვითხრან რეფერენდუმის გზით, რას ფიქრობენ შესაძლო კომპრომისზე“, – განაცხადა სერბეთის ლიდერმა.

ალექსანდრ ვუჩიჩის გამოსვლა პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე გაიმართა. ოპოზიცია სერბეთის პრეზიდენტს კორუფციასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. თუმცა, მის დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.