ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს რჩევას ყოველთვის ეკითხება
ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს რჩევას ყოველთვის ეკითხება

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რჩევას ყოველთვის ეკითხება. ამის შესახებ ვუჩიჩმა რუსულ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ყოველთვის ვმართავ კონსულტაციას და ვეკითხები რჩევას პრეზიდენტ პუტინს. მე ვაცნობ მას იმას, რაც ხდება, არ ვიტყუები, ვეუბნები სიმართლეს იმის მიუხედავად, რომ მას ყოველთვის ყველაფერი არ მოსწონს. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთია, რასაც პრეზიდენტი პუტინი დიდ პატივს სცემს. მეც პატივს ვცემ ამას, რადგან ის დიდი ქვეყნის ლიდერია, ხოლო მე პატარა ქვეყნის ლიდერი ვარ, ის კი პატივისცემას გამოხატავს ასეთი ქვეყნის მიმართ და მე ამისთვის მის მიმართ უსაზღვროდ მადლობელი ვარ“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, სერბეთი რუსეთის საიმედო პარტნიორია.

ვლადიმერ პუტინი 17 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ბელგრადს ეწვევა. სერბეთისა და რუსეთის პრეზიდენტების წინა შეხვედრა მოსკოვში 2018 წლის 2 ოქტომბერს შედგა.

პუტინის სერბეთში ვიზიტის დროს დაგეგმილია ბელგრადსა დ აპრიშტინას შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის განხილვა. ასევე მხარეები ისაუბრებენ ენერგეტიკის, ინფრატსრუქტურისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა მანამდე განაცხადა, რომ პუტინის ვიზიტის დროს შესაძლოა, ხელი მოეწეროს სერბეთში ბირთვული ცენტრის შექმნის შეთანხმებას.