ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბეთში ლითიუმის მოპოვების წინააღმდეგ აქციები დასავლეთის მიერ არის მხარდაჭერილი და მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის ნაწილია
სერბეთში ლითიუმის მოპოვების წინააღმდეგ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს ქვეყნის პრეზიდენტი ეხმაურება. ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ეს არის დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი აქციები, რომლებიც მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის ნაწილია.
როგორც სერბეთის პრეზიდენტი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ აქცია დემოკრატიული გზით იყო ჩატარებული, ავტომაგისტრალზე მოძრაობის გადაკეტვა გახლდათ მცირე ნაწილის მხრიდან უმრავლესობაზე ტერორი.
„ეს არის ჰიბრიდული მიდგომის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლების დამხობას. ჩვენ ყველაფერი დეტალურად ვიცოდით, თქვენ გგონიათ, რომ ვინმე გააკვირვეთ? ყოველთვის თავშეკავებულები ვიყავით, ქვეყანაში წესრიგი პრობლემების გარეშე უზრუნველვყავით“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
შეგახსენებთ, რომ სერბეთში ლითიუმის მოპოვების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ათობით ათასი ადამიანი ბელგრადის ქუჩებში გავიდა. მოქალაქეები ევროპაში ლითიუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღაროს გახსნას ეწინააღმდეგებიან. მათ მიაჩნიათ, რომ პროექტის დაწყებით სერბეთის დასავლეთ რეგიონში, ჯადარში დაბინძურდება როგორც მიწა, ასევე წყალი. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს რკინიგზის ორი სადგური.