ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბეთსა და კოსოვოს შორის სიტუაცია კონფლიქტის ზღვარზეა
ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბეთსა და კოსოვოს შორის სიტუაცია კონფლიქტის ზღვარზეა

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბეთსა და კოსოვოს შორის სიტუაცია კონფლიქტის ზღვარზეა. ამის შესახებ ალექსანდრ ვუჩიჩმა პრესკონფერენციაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროკავშირის შუამავლობით სერბეთსა და კოსოვოს შორის ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებები მანქანების სანომრე ნიშნების აკრძალვის საკითხზე უშედეგოდ დასრულდა.

ალექსანდრ ვუჩიჩმა კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ახლახან მივიღეთ ბოლო სადაზვერვო მონაცემები. სიტუაცია ძალიან რთულია, ის, ფაქტობრივად, კონფლიქტის ზღვარზეა. მე ვიცი, კოსოვოდან სერბების წარმომადგენლები მეტყვიან, რომ ისინი დაიღალნენ და ამას აღარ შეეგუებიან, ან რომ მათ არ ადარდებთ და რომ შეიძლება, ყველანი დაიხოცონ; თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ თითოეული მათგანის სიცოცხლე ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია და უნდა დააფასონ ჩვენი თხოვნა“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

მიმდინარე წლის ზაფხულში კოსოვომ საკუთარ ტერიტორიაზე სერბული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლა აკრძალა, რასაც კოსოვოში მცხოვრები სერბების მხრიდან საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. ვითარების დასტაბილურებისთვის, პრიშტინამ რეგულაციის ამოქმედება რამდენჯერმე გადადო. 20 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 22 ნოემბრიდან ის მძღოლები, ვინც უარს იტყოდნენ სერბული სანომრე ნიშნების ჩანაცვლებაზე, 150 ევროთი დაჯარიმდებოდნენ, თუმცა, როგორც კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, სერბული სანომრე ნიშნების მქონე მძღოლებისთვის ჯარიმების ამოქმედება აშშ-ის ელჩის თხოვნის შემდეგ კიდევ ორი დღით გადაიდო.

მიმდინარე თვის დასაწყისში პრიშტინაში მანქანების სანომრე ნიშნების შეცვლის მოთხოვნის წინააღმდეგ პროტესტის გამო ასობით სერბმა პოლიციელმა, მოსამართლემ, პროკურორმა და სხვა სახელმწიფო მოხელემ სამსახური დატოვა. კოსოვოში 50 ათასამდე ეთნიკური სერბი ცხოვრობს. პრიშტინა ითხოვს, რომ სერბული სანომრე ნიშნები კოსოვოში გაცემული ნომრებით ჩანაცვლდეს. სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.