აშშ-ის თხოვნის შემდეგ კოსოვომ კიდევ ორი დღით გადადო ჯარიმების ამოქმედება სერბული სანომრე ნიშნების მქონე მძღოლებისთვის
აშშ-ის თხოვნის შემდეგ კოსოვომ კიდევ ორი დღით გადადო ჯარიმების ამოქმედება სერბული სანომრე ნიშნების მქონე მძღოლებისთვის

აშშ-ის თხოვნის შემდეგ კოსოვომ კიდევ 48 საათით გადადო ჯარიმების ამოქმედება სერბული სანომრე ნიშნების მქონე მძღოლებისთვის. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მანამდე, ევროკავშირის შუამავლობით, სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებს შორის ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

„მე ვიღებ აშშ-ის ელჩის თხოვნას 48-საათიანი გადავადების შესახებ… მოხარული ვარ, ვიმუშაო აშშ-სა და ევროკავშირთან მომდევნო ორი დღის განმავლობაში გამოსავლის მოსაძებნად“, – დაწერა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მანამდე კოსოვოს პოლიციამ განაცხადა, რომ იმ მძღოლებისთვის, რომლებიც სერბული სანომრე ნიშნების კოსოვოს ხელისუფლების მიერ გაცემული ნიშნებით ჩანაცვლებაზე უარს იტყოდნენ, 22 ნოემბრის დილის 08:00 საათიდან ჯარიმები ამოქმედდებოდა.

ბრიუსელში გამართული წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სიტუაცია კონფლიქტის ზღვარზეა. ვითარების შესაძლო ესკალაციის შესახებ მხარეები ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმაც გააფრთხილა.

თავის მხრივ, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა სერბეთთან ურთიერთობების სრული ნორმალიზების აუცილებლობის შესახებ განაცხადა, რაც ერთმანეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გულისხმობს. სერბეთი, ასევე, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა არ აღიარებენ კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

მიმდინარე წლის ზაფხულში კოსოვომ საკუთარ ტერიტორიაზე სერბული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლა აკრძალა, რასაც კოსოვოში მცხოვრები სერბების მხრიდან საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. ვითარების დასტაბილურებისთვის პრიშტინამ რეგულაციის ამოქმედება რამდენჯერმე გადადო.

ნატო-ს კოსოვოში 3 700-მდე მშვიდობისმყოფელი ჰყავს. როგორც იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში კოსოვოსა და სერბეთს შორის უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, „ახლა პასუხისმგებლიანი და პრაგმატული გადაწყვეტილებების დროა, კოსოვოში ნატო-ს ძალები მზადყოფნაში რჩება“.