ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავებაზე ორდერის გაცემა დამატებითი ფაქტორია იმ ქვეყნებზე ზეწოლისთვის, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობას განაგრძობენ
ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავებაზე ორდერის გაცემა დამატებითი ფაქტორია იმ ქვეყნებზე ზეწოლისთვის, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობას განაგრძობენ

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა არის დამატებითი ფაქტორი იმ ქვეყნებზე ზეწოლისთვის, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობას განაგრძობენ. შესაბამის ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.

ამასთან, ვუჩიჩის თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო სერბეთის პოზიცია კოსოვოსთან მოლაპარაკებების პროცესში უფრო რთული იქნება.

„ჩვენ უნდა მივუდგეთ პასუხისმგებლობით და სერიოზულობით”, – განაცხადა სერბეგის ლიდერმა და აღნიშნა, რომ დასავლეთს სურს, ზეწოლა განახორციელოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობებში არასაკმარისად ხისტი იყვნენ.

„სავსებით აშკარაა, რომ მსოფლიო მიექანება კონფლიქტის დამატებითი ესკალაციისა და დაჩქარებისკენ”, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

მისი თქმით, მსოფლიოში გარკვეული მოვლენები ვითარდება. ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთი დიდი საფრთხის წინაშე დგას, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც ის საჯაროდ ვერ ისაუბრებს, რადგან ქვეყნის პრეზიდენტია და არა ანალიტიკოსი.

როგორც ვუჩიჩმა განაცხადა, დასავლეთმა აჩვენა, რომ ბოლომდე წავა და მას დიდად არ ადარდებს კონფლიქტის შესაძლო ესკალაცია. სერბეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ ორივე მხარე ითამაშებს პრინციპით „ყველაფერი ან არაფერი”, რასაც მსოფლიოში ყველასთვის რთული შედეგები მოჰყვება.

ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მესამე მსოფლიო ომის დაწყების ზღვარზეა და ერთადერთი ამოცანა ახლა სერბეთის გადარჩენაა.

„დაე, ყველამ დამწყევლოს, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ქვეყანა – სერბეთი და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ის. როდესაც ზოგი ამბობს, რომ გაიმარჯვებს ის ან ეს, ჩვენთვის არ არსებობს არანაირი გამარჯვება, ჩვენთვის ერთადერთი გადარჩენაა – არაფერში მივიღოთ მონაწილეობა”, – განაცხადა ვუჩიჩმა.