ალექსანდრ სტუბი – უკრაინელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ ერთ გუნდში ვართ, საბოლოოდ, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, ჩემი აზრით, ეს იქნება ამ ომის საუკეთესო შედეგი, მოთმინება გამოიჩინეთ

22:53, 25.08.2026

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხში უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება მისთვის „წითელი ხაზია“.

როგორც მან „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ევროპის „წითელი ხაზები“ გულისხმობს იმას, რომ ევროპის უსაფრთხოება ევროპის ინტერესების გათვალისწინების გარეშე არ უნდა განისაზღვროს.

„ამასთან, უკრაინელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენ ერთ გუნდში ვართ – უკრაინა და ევროპა, უკრაინა და ფინეთი“, – აღნიშნა ალექსანდრ სტუბმა.

ფინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ, საბოლოო ჯამში, საქმე უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებამდე უნდა მივიდეს.

„ასე იმიტომ ვამბობ, რომ დარწმუნებული ვარ, უკრაინის ღირებულებითი საფუძველი ევროპაშია. რუსეთი ცდილობდა, უკრაინა რუსეთად ექცია, მაგრამ თქვენ აჩვენეთ, რომ ევროპელები გინდათ იყოთ. და არა მხოლოდ ამის გამო, თქვენი გაწევრიანება ჩვენს ინტერესებშია. თქვენ ევროპაში ყველაზე დიდი შეიარაღებული ძალები გყავთ და თანამედროვე ომის წარმოების გამოცდილება გაქვთ“, – განაცხადა სტუბმა.

მისივე თქმით, თუ თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ „ევროპა უკრაინას უნდა დახმარებოდა“, ახლა ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ „უკრაინა ეხმარება მას“.

ამასთან, როგორც ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შესაძლებლობის ფანჯარა სწორედ ახლაა გახსნილი.

„მეც მაქვს განცდა, რომ მსოფლიო წესრიგი როდესაც რაიმე ახალი ფორმით დასტაბილურდება, ჩვენ სრულიად სხვა საკითხებზე დავიწყებთ ფიქრს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ ასე. კიდევ დავამატებ, რომ თქვენი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ომი რომ არა, არ დაიწყებოდა. არ ვფიქრობ, რომ ვინმე სერიოზულად ისაუბრებდა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე, რომ არა ომი. ამიტომ შესაძლებლობის ფანჯარა სწორედ ახლაა“, – აღნიშნა სტუბმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა უკრაინას ევროკავშირის წევრად, ფინეთის პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ, რა თქმა უნდა ვხედავ. იცით, მე ევროკავშირის ფანი ვარ. მე „ევროინტელექტუალი“ ვარ. ევროკავშირის საკითხებზე 1990-იანი წლების დასაწყისიდან ვმუშაობ. 1995 წელს აღფრთოვანებული ვიყავი ფინეთის ევროკავშირში გაწევრიანებით. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. შემდეგ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის რანგში ვმონაწილეობდი მთავრობათაშორის მოლაპარაკებებში ამსტერდამის, ნიცის და ლისაბონის ხელშეკრულებაზე და ა.შ. ასე რომ, ევროკავშირი ჩემი ლუკმაპურია“.

ფინეთის პრეზიდენტმა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში, უკრაინას მოთმინების გამოჩენას ურჩია, რადგან, მისი თქმით, ევროკავშირი „ყოველთვის ნელა მუშაობს“.

„ეს ყოველთვის იმედგაცრუებას გამოიწვევს. ახლა შეიძლება, ვიკამათოთ, რომელი კლასტერია გახსნილი და რომელი – არა, მაგრამ, საბოლოოდ, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება. ჩემი აზრით, ეს იქნება ამ ომის საუკეთესო შედეგი“, – აღნიშნა სტუბმა.

მისივე შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინისთვის მარტივი არ იქნება.

„რთული მომენტები ყველას ჰქონდა. ფინეთის შემთხვევაში ეს სოფლის მეურნეობასა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ეხებოდა. უკრაინისთვის შესაძლოა, სხვა საკითხები იყოს, ამიტომ მოთმინება გამოიჩინეთ. ევროკავშირი უტოპია არ არის. ის იდეალური არ არის. ევროკავშირში როდესაც გაწევრიანდებით – გახსოვდეთ, ეს ისტორიის დასასრული არ იქნება. ცხოვრება მხოლოდ მწვანე მინდვრების, ყვავილების, მშვიდობის ნიშნებისა და ცისარტყელებისგან არ შედგება. ევროპა მკაცრი კლუბია“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ამჟამად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში ორი კლასტერია გახსნილი: პირველი – „ფუნდამენტური საკითხები“ და მეექვსე – „საგარეო ურთიერთობები“. მომდევნო ოთხი კლასტერის გახსნის ვადები ჯერჯერობით გაურკვეველია, მათ შორის, უნგრეთის პოზიციის გამო.

მსგავსი